„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერიკ კანტონასთვის თანამდებობის შეთავაზებას აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულია იმით, რომ კლუბში დააბრუნოს თავისი ყოფილი ფორვარდი ერიკ კანტონა.
გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, 53 წლის ლეგენდას, შესაძლოა, გარკვეული თანამდებობა შესთავაზონ ინგლისურ კლუბში.
კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ არის მიჩნეული. ფრანგი 1992 წელს გადავიდა ამ გუნდში და პირველივე სეზონში დაეხმარა მას 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოეპოვებინა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. კანტონამ „ოლდ ტრაფორდი“ 1997 წელს დატოვა. გუნდთან ერთად ფრანგმა პრემიერლიგის ოთხი ტიტული მოიგო, ასევე ორჯერ დაეუფლა ინგლისის თასს.