„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰოლანდიის ჩემპიონ „აიაქსის“ 19 წლის მცველის, მატეის დე ლიხტის მიმართ ინტერესს აღარ გამოხატავს. ინგლისური გრანდი მზად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელში 65 მილიონი ფუნტი სტერლინგი (75 მილიონი ევრო) გადაეხადა, თუმცა, როგორც „სკაი სპორტსი“ იტყობინება, „ბარსელონასთან“ პაექრობაში დამარცხდა.
გასული სამი სეზონის განმავლობაში, დე ლიხტი „აიაქსის“ შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, გუნდის კაპიტანიც გახდა და წლევანდელ სეზონში ორი საშინაო ტიტული მოიპოვა – ჩემპიონობა და თასი.
მისი ლიდერობით გუნდმა ასევე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ლონდონის „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „აიაქსის“ კიდევ ერთმა ახალგაზრდა ტალანტმა ფრენკი დე იონგმა „ბარსელონასთან“ წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და კატალონიურ გრანდში 75 მილიონ ევროდ გადავა.