„მანჩესტერ იუნაიტედი“ 40 მილიონს შესთავაზებს „აიაქსს“ ვან დე ბეეკისთვის
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 40 მილიონს შესთავაზებს „აიაქსს“ ვან დე ბეეკისთვის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ემზადება ამსტერდამის „აიაქსისთვის“ ოფიციალური წინადადების შესათავაზებლად. ლაპარაკია ნახევარმცველ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერზე. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

მისი ინფორმაციით, მანჩესტერელთა წინადადება 40 მილიონ ევროს უტოლდება. „იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო კონტრაქტზე მოლაპარაკებები 23 წლის ნიდერლანდელის აგენტთან.

ამ სეზონში დე ბეეკმა 37 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.

აპრილში, მადრიდის „რეალში“ სავარაუდო ტრანსფერის კომენტირებისას, ვან დე ბეეკმა განაცხადა, რომ ჯერ არც ერთი კლუბისთვის არ მიუცია თანხმობა.