მანანა ნაჭყებია - პარლამენტში მიმდინარე პროცესი მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობა უცხო არ არის
მანანა ნაჭყებია - პარლამენტში მიმდინარე პროცესი მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობა უცხო არ არის

პარლამენტში მიმდინარე პროცესი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობა უცხო არ არის, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა, მანანა ნაჭყებიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე პრაქტიკულად, ჩავთვალე, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და მმართველ პოლიტიკურ ძალას პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ამ დროს კი, ბატონი ხუნდაძის განცხადება და შემდეგ ის, რაც გაგრძელდა, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მართლა მინდა, გავიგო არგუმენტი, ამ ხნის განმავლობაში რა მოხდა ისეთი, რამაც ამ ადამიანებს აზრი შეაცვლევინა და არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს დადგმული სპექტაკლია“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, მაჟორიტარები, რომლებიც ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს მხარს არ უჭერენ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს, პარლამენტს და ზოგადად, პარლამენტარიზმს.

„ათასობით ადამიანმა ხმა ანდო ირაკლი შიოლაშვილს, რომელიც თურმე, ორი-სამი თვე მხართეძოზე იყო წამოწოლილი და საერთოდ არ ადარდებდა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ განიხილებოდა. მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. ხომ შეიძლებოდა, საყოველთაო სახალხო განხილვის დროს შექმნილიყო აზრი, რომ 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ქვეყანას აზარალებს?! თურმე, ახლა მოვიდა აზრზე, ამას მარტო ირაკლი შიოლაშვილი მიხვდა და სხვა ვერავინ ვხვდებით, რომ თურმე, ქვეყანას რაღაც დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე ვაყენებთ. დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე ყოფნა კი არა, უკვე დესტაბილიზაციის საფრთხეა ასეთი ადამიანების პარლამენტში ყოლა“, – განაცხადა ნაჭყებიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაკლი შეიძლება ჰქონდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არანაირი ნაკლი არ აქვს.

„2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნები საუკეთესო შანსია ამ ქვეყნისთვის და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ აბსოლუტური ძალაუფლებით ვერც ერთი პარტია ვერ მოვა. ბოლოს და ბოლოს, ვიხილავთ, რა შეუძლია ამ პარლამენტს. არ დაამტკიცებენ მთავრობას, ბიუჯეტს და წავლენ სახლში. რა ტრაგედიას ქმნიან?! რატომ ჰგონია ირაკლი შიოლაშვილს, რომ ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა?! ჩატარდება ახალი არჩევნები და მორჩა. რა, ფული დაიხარჯება?! ახლა რომ ფული დაიხარჯა, ის ფული ფული არ იყო?! საინტერესოა, რამდენი ტრანსპორტი გახდა საჭირო, რამდენი ბენზინი, რამდენი ადამიანის დაძინება და ასე შემდეგ. ეს არავის ადარდებს. ჩავატარებთ არჩევნებს და ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ იმ ხელისუფლებას, რომელიც მიხვდება, რომ კონსენსუსი აუცილებელია, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა და პარლამენტის ფუნქცია არა ტაშის და კვერის კვრა, არამედ კონტროლია“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხის მოთმინების გამოცდა ძალიან ცუდად დამთავრდება.

„ქართველი ხალხის მოთმინებას ნურავინ გამოცდის, თორემ ხალხი მართლა გამოვა და ყველა ისე წაილეკება და ქვეყნიდან ისე წავა, რომ აქ ვეღარც მათი შთამომავალი ვეღარ დაბრუნდება“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.