მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს
მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს

მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს განიხილავენ.

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი პირველ არხთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მარგველაშვილს ოფიციალური შეთავაზებით იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ოპოზიცია შეთანხმდება.

„მისთვის ჯერ ოფიციალურად არ მიგვიმართავს, მაგრამ თუ ეს შეთანხმება თვითონ ოპოზიციური სპექტრის შიგნით მოხდება, მზად ვართ, გიორგი მარგველაშვილს შევთავაზოთ, იყოს ოპოზიციის კანდიდატი.
ცხადია, აბსოლუტური კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხდება, ეს ძალიან რთულია საქართველოში და ზოგადად პოლიტიკაში, თუმცა არიან როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ.

მთავარია, თვითონ ბატონი გიორგი მარგველაშვილი ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ხელმეორედ იყაროს ჯენჭი. როგორც ჩანს, მას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ჩვენ რაღაც დამაიმედებელი მივიღეთ. ის აცხადებს, თუ საჭირო იქნება, მზად ვარ, დავთანხმდე, ხელახლა ვიყარო კენჭი. ალბათ, ეს პროცესი დიდი ხნით არ გადაიდება“, – აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდება, საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის წარუმატებელი იქნება.

„ვფიქრობთ, თუ ოპოზიცია არ შეჯერდა საერთო კანდიდატზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება წარუმატებელი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ რეალურად მხოლოდ ერთკანდიდატიანი არჩევნები იქნება. საერთო კანდიდატი, პირველ რიგში, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას და აქედან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ უნდა იყოს არაპარტიული, ზეპარტიული კანდიდატი, სხვაგვარად ერთობლივ პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება ოპოზიციურ სპექტრში ვერ მოხდება და ბუნებრივია, საჭიროა, მას გამოცდილება ჰქონდეს პოლიტიკოსობის და არა ზოგადად პოლიტიკის ცოდნა. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ კანდიდატად სასურველია, განხილულ იქნას გიორგი მარგველაშვილი. მან ამდენი ხნის მანძილზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია  იყოს პრინციპული, ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოების არსებობა“, – აცხადებს მანანა ნაჭყებია.