მანანა მენაბდე - ქართველი ხელოვანები ყოველთვის ცდილობენ, საზღვარგარეთ სახელი საკუთარი ძალებით გაიტანონ, ხელოვანი კი მაშინ არის ძლიერი, როდესაც უკან ძლიერი სახელმწიფო უდგას
მანანა მენაბდე - ქართველი ხელოვანები ყოველთვის ცდილობენ, საზღვარგარეთ სახელი საკუთარი ძალებით გაიტანონ, ხელოვანი კი მაშინ არის ძლიერი, როდესაც უკან ძლიერი სახელმწიფო უდგას

საქართველო მარტო ხინკალი, ხაჭაპური და დიმპიტაური ხომ არ არის, – განაცხადა მუსიკოსმა, მანანა მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„მსოფლიო რუკას რომ გადავხედოთ და შორს არ წავიდეთ, ავიღოთ ძველი ევროპა, დავუშვათ, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და გერმანია. რომ გკითხოთ, რით არის ცნობილი საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ, იმ წუთში, თვალწინ წარმოგიდგება სუნამო, დიზაინი და ასე შემდეგ. საქართველო მარტო ხინკალი, ხაჭაპური და დიმპიტაური ხომ არ არის?! ჩვენ ეგზოტიკური გასართობი არ უნდა ვიყოთ. არადა, გამოდის, რომ ჩვენ ეგზოტიკური გასართობი ვართ“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, ქართველი ხელოვანები ყოველთვის ცდილობენ, საზღვარგარეთ სახელი საკუთარი ძალებით გაიტანონ, ხელოვანი კი მაშინ არის ძლიერი, როდესაც უკან ძლიერი სახელმწიფო უდგას.

„ჩვენ ყოველთვის საკუთარი ძალებით ვცდილობთ, გავიტანოთ ჩვენი სახელი საზღვარგარეთ. დავუშვათ, მე ვინ მომეხმარა გერმანიაში?! ასეა ძალიან ბევრი. მარტო მე არა. ხელოვანი მაშინ არის ძლიერი, როდესაც უკან ძლიერი სახელმწიფო უდგას. რატომ არის კოკო შანელი ძლიერი?! იმიტომ, რომ ძლიერი და ძალიან საინტერესო ადამიანი ჰყავს სპონსორის სახით. სპონსორიც კი უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს. მას უნდა აღელვებდეს არა კონკრეტული შანელი, არამედ კონკრეტული შანელის სახით მთლიანად სახელმწიფო, საფრანგეთი. აი, მაშინ ხარ ამაყი და ძლიერი“, – განაცხადა მენაბდემ.

მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებსა და მას შორის ძალიან დიდი უფსკრულია, რადგან მათ შორის დიალოგი არ არის.

„ჩემსა და პოლიტიკოსს შორის არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უფსკრული. მე არ შემიძლია მათთან მისვლა და დალაპარაკება. ჩვენ შორის დიალოგი არ არის. მე, როგორც მანანა მენაბდე, განებივრებული არ ვარ, მაგრამ ახლაც დამაფინანსეს, კორონავირუსი რომ არ დაწყებულიყო, მაგრამ საქართველო ჩემით ხომ არ შემოიფარგლება?! აბა, შეხედეთ, რამდენი ახალგაზრდაა. მე სულ ახალგაზრდებთან ვმუშაობ“, – განაცხადა მენაბდემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღიარეს თუ არა ის საქართველოში გერმანიაში წარმატების შემდეგ და არის თუ არა ეს ქართული მოვლენა, მუსიკოსმა განაცხადა, რომ ეს საბჭოთა მოვლენაა.

„ეს მარტო ქართული არ არის. რუსულიც არის და აი, საბჭოთა მოვლენაა. თუ უცხოელი ხარ, ესე იგი, უკეთესი ხარ. მაგალითად, ახლახან შემოვიდა ზარი ჩემთან და მთხოვეს, გვინდა, დები იშხნელების სიმღერა ავიღოთ და რამდენი უნდა გადაგიხადოთო. მე დავუსახელე რაღაც თანხა. ამ თანხას არ ვამბობ, მაგრამ ისინი გაცილებით გახარებით მისცემენ ორიათას-სამიათას დოლარს უცხოელს, მაგრამ შენ არ მოგცემენ. მაგალითად, თეატრში იყო ექსპერიმენტი. ჩამოდიან საზღვარგარეთიდან, ზუსტად იგივე ექსპერიმენტს გაჩვენებენ და იმას უკრავენ ტაშს, აქ კი არც იციან, თეატრში ასეთი ექსპერიმენტი რომ ჩატარდა. ასეთი რაღაცები არ შეიძლება. შენი თუ არ დააფასე და შენ თუ აგინე შენს დედას, მას სხვაც აგინებს“, – განაცხადა მანანა მენაბდემ.