მან აქ უკვე ყველაფერი გააკეთა და მარსელებთან სათამაშოდ უნდა წავიდეს - რეაქცია კრიშტიანუ რონალდუს გოლზე [ვიდეო]
მან აქ უკვე ყველაფერი გააკეთა და მარსელებთან სათამაშოდ უნდა წავიდეს - რეაქცია კრიშტიანუ რონალდუს გოლზე [ვიდეო]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გოლი-შედევრი გაიტანა “იუვენტუსის” კარში, რამაც ერთგვარი კამათი გამოიწვია – არის თუ არა ეს ყველა დროის საუკეთესო გოლი.

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ რონალდუს “მაკრატელა” ვერ უტოლდება იმ გოლს, რომელიც ლეგენდარულმა ფრანგმა 2002 წლის ფინალში, “ლევერკუზენის” წინააღმდეგ გაიტანა.

„ჩემი გოლი უკეთესი იყო! რა თქმა უნდა, ეს ასეა”, – განაცხადა ზიდანმა პრესკონფერენციაზე.

„არ მგონია, რომ კრიშტიანუს გოლი საუკეთესო იყოს ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ უდიადეს გოლებში შედის. უნდა მივულოცო რონალდოს ის, რასაც დღეისთვის აკეთებს”, – ეს “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის სიტყვებია.

სერხიო რამოსი – „კრიშტიანუმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ის ბრწყინვალე ფორმაშია და იმედი მაქვს, რომ ასევე გააგრძელებს თამაშს სეზონის ბოლომდე”.

ანდრეა ბარძალი – „კრიშტიანუს მეორე გოლი თითქოს Playstation-დან იყო”.

ალვარო არბელოა (“რეალის” ყოფილი მცველი) – „ახლა, რონალდუს შეუძლია მშვიდად დატოვოს დედამიწა და მარსელებთან სათამაშოდ წავიდეს. აქ მან უკვე ყველაფერი გააკეთა”.

„იუვენტუსის” გულშემატკივრები, რომლებიც სტვენით შეხვდნენ რონალდუს პირველ გოლს, მეორე გოლის შემდეგ პორტუგალიელს ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციით შეხვდნენ. პასუხად, რონალდუმ ტურინულ პუბლიკას მადლობა გადაუხადა.

“ეს დაუვიწყარი მომენტია. მინდა მადლობა გადავუხადო “იუვენტუსის” გულშემატკივრებს. რაც მათ გააკეთეს, უბრალოდ, ფანტასტიკაა!” – თქვა მატჩის გმირმა.

“მომხდარს ყველაზე კარგად ახასიათებს აპლოდისმენტები ტრიბუნებზე კრიშტიანუს მისამართით. პასი კარგი გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი რონალდუმ გააკეთა. ეს გოლი ისტორიაში შევა”, – განაცხადა საგოლე პასის ავტორმა დანიელ კარვახალმა.