მამუკელაშვილი NBA-ის დრაფტამდე ყურადღებას იქცევს - „ნიუ იორკ პოსტი“ ქართველ კალათბურთელზე წერს #1TVSPORT
29 ივლისს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი გაიმართება, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკულ მედიაში „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელზე საკმაოდ ბევრი იწერება და მისი შესანიშნავი სეზონის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ სანდრო ასეთ ყურადრებას იქცევს. ამჯერად, მას საკმაოდ ვრცელი სტატია „ნიუ იორკ პოსტმა“ მიუძღვნა სათაურით – „სეტონ ჰოლის ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის დრაფტამდე ყურადღებას იქცევს“. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
„სანდრო მამუკელაშვილს არ დასჭირდება სწავლა, როგორ ითამაშოს კარგ მცველთან, თუ ის ლამელო ბოლთან ან დონოვან მიტჩელთან ერთად იქნება. „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელმა აღნიშნა, რომ მან უკვე ივარჯიშა ბოლთან ერთად „ჰორნეტსში“, მიტჩელთან ერთად „იუტაში“ და ასევე „ოკლაჰომასა“ და „პისტონსში“. მას კიდევ 8 ვარჯიში აქვს დარჩენილი, მათ შორის 1 ივლისს „ბრუკლინთან“ და 8 ივლისს „ნიქსთან“.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოაჩინო თუ როგორ გსურს ეს, როგორ მუშაობ ამისათვის და რამდენად კარგი თანაგუნდელი ხარ. ვცდილობ, სხვებს დავანახო როგორ ვატარებ დროს პარკეტზე“, – ამბობს სანდრო მამუკელაშვილი.
211 სანტიმეტრის სიმაღლის მამუკელაშვილს კოლეჯის ორი სრულიად განსხვავებული კარიერა ჰქონდა. სანამ ის საშუალოდ მატჩში 17.5 ქულით, 7.5 მოხსნითა და 3.7 პასით Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა, სანდრო 3 წლის განმავლობაში გუნდში სათანადოდ თავს ვერ იჩენდა, რადგან წამყვანი მოთამაშე მაილს პაუელი იყო.
„ისეთ ლიგაში წასვლამდე, სადაც მსოფლიოში საუკეთესო დამცველები თამაშობენ, ვგრძნობ, რომ ცოტათი მითვალთვალებენ და მაკვირდებიან“, – აღნიშნა მამუკელაშვილმა.
NBA-ში ათლეტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს უზრდის შანსებს მამუკელაშვილს, რომ 29 ივლისს, დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩიონ. მაგალითად რომ ავიღოთ – მაილს პაუელი, რომელიც G ლიგის „ვესტმინსტერ ნიქსში“ საშუალოდ 17.8 ქულას აკეთებდა, მას „ნიქსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ NBA-ის სეზონის დაწყებამდე გუნდიდან გაუშვეს.
„მსურს ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ვფიქრობ, NBA-ში საკმაოდ სოლიდური მოთამაშე ვიქნები და ვინც მე ამის შანსს მომცემს, იმას ძალიან გაუმართლებს“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
მამუკელაშვილი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომ NBA-ში მოთამაშე ისეთი ქართველი კალათბურთელების მემკვიდრეობა გააგრძელოს, როგორებიც არიან ზაზა ფაჩულია და გოგა ბითაძე. ის შეგვიძლია დომანტას საბონისს შევადაროთ. „ინდიანას“ ლიეტუველი კალათბურთელი, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ის All-star-ზე, სანდროს თქმით, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სურს მას თამაში.
„ევროპაში თამაში გამთამაშებლის პოზიციიდან დავიწყე. მათ არ აინტერესებთ რამდენად მაღალი ხარ და ყველას ყველაფერს ერთნაირად ასწავლიან. ყოველთვის ვსწავლობდი ტონი კუკოჩის თამაშს, სწორედ მან შემოიტანა ეს მენტალიტეტი ლიგაში“, – აღნიშნა სანდრომ.
მამუკელაშვილი ნიუ იორკს კვლავ მის სახლად მიიჩნევს და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობს. შესაბამისად, „ნეტსში“ ან „ნიქსში“ თამაში მისთვის, შესაძლოა, კარგი ვარიანტი იყოს.
„ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები. ნიუ იორკში დავიბადე, ნიუ იორკში მქონდა ჩემი პირველი თამაში. პირველად „ნიქსის“ თამაშს ვუყურე, როდესაც აქ დავბრუნდი. მაგრამ არ მინდა, რომ არასწორად გამიგოთ, მე ნებისმიერ გუნდში თამაშით ბედნიერი ვიქნები.“