მამუკა ვასაძე - რამდენჯერაც წაიკითხავ სისხლის სამართლის საქმეს, იმდენჯერ დაგრჩება განცდა, რომ რაღაც კიდევ გასაკეთებელია
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების შეფასება არარელევანტურია.
ამასთან, ვასაძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია.
„გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც სისხლის სამართლის საქმე დამასრულებელ ეტაპზეა, ადამიანი რამდენჯერაც წაიკითხავს, იმდენჯერ შეიძლება შეექმნას განცდა, რომ რაღაც დამატებით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ერთია, როცა შემფასებელი ხარ და მეორეა, როცა უშუალოდ საქმის შემოქმედი ხარ. ვგულისხმობ პროცესის მწარმოებელ პირებს. მოწმენდილ ცაზე გიწევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპერატიული მოთხოვნებით ვადა არის ერთთვიანი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით და დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება, არსებობდეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებსაც ჩავთვლით, რომ უნდა ჩატარებულიყო. ამის ვერჩატარების ობიექტური გარემოებები პროცესის მწარმოებლებმა განმარტეს, ახსნეს და მეტნაკლებად კიარა, ჩემთვის, როგორც ყოფილი გამომძიებლისთვის, დამაჯერებელი იყო“, – აღნიშნა მამუკა ვასაძემ.
ამასთან, გაბიტაშვილს დაუსვეს კითხვა ხორავას ქუჩაზე ფარდულის დანგრევის შესახებ.
როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რაც საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა.
„როგორც პროკურორის, ასევე გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით. ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს. ამის შემდეგ კი, მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინც და მაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება“, – აღნიშნა გაბიტაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე გამოკითხეს.