მამუკა სალუქვაძე - თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს სტრატეგიები არ დაუმუშავებია, რადგან ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა
მამუკა სალუქვაძე - თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს სტრატეგიები არ დაუმუშავებია, რადგან ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს სტრატეგიების შემუშავებაზე დავალება დასახული არც ჰქონდა, არც დაისახავდა და ამას ხელს არც მოჰკიდებდა, რადგან სტრატეგიები სახელმწიფოს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა, – ამის შესახებ „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა და გენერალური გეგმის ერთ–ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ ის უნდა გამოგვეყენებინა, რაც არსებობდა და რასაც თბილისი მერია, ან სახელმწიფო სტრუქტურები მოგვაწვდიდა. თბილისის მერიიდან კი, ძალიან მწირი მასალა, პრაქტიკულად, არაფერი მივიღეთ. ანუ, მერიას 2015 წლისთვის პრაქტიკულად, არაფერი არ ჰქონდა, მათ შორის – არც თბილისის განვითარების სტრატეგია, არც სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, არც სატრანსპორტო მასტერ პლანი და არც ინვენტარიზაცია“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მისი თქმით, კომპანიამ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით კვლევების ჩატარების აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადა და ამის შესახებ მერიას სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მიუთითა.

„დღეს ბატონმა ილია ელოშვილმა გაიკვირვა, კვლევები მე რატომ უნდა ჩავატაროო. აბა, ვინ უნდა ჩაატაროს? თბილისის მერიას ამხელა ბიუჯეტი, 800 მილიონი იმიტომ ეძლევა, რომ სწორედ კვლევები ჩაატაროს, რაც შემდეგ, ყველა საპროექტო სამუშაოსთან დაკავშირებით იქნება გამოყენებული“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტში 2016 და 2017 წელს ინვენტარიზაციაზე თანხა ჩადებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა.

„სწორედ აქედან გამომდინარეა პრობლემა, რასაც ჩვენ გვაბრალებენ, შიდა კვარტალური გამწვანებული ტერიტორიები ასახული რატომ არ არისო. დამკვეთს, მერიის არქიტექტურის სამსახურს ძალიან ვთხოვ, 10 000–იანი მასშტაბის რუკაზე 200 და 300 კვ.მ. გამწვანებული გაზონები ასახოს და დავინახავთ, აქედან რას მიიღებს. ეს იქნება წერტილი, რომელსაც ზუსტი საზღვარი არ აქვს და როცა ამის გაკეთებას ჩვენ გვთხოვენ, ეს სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნაა“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.