მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს შეთავაზება, შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად
მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს შეთავაზება, შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად

ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ, მაგალითად, შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქით, „არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს“.

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. დავანებოთ შიდა შეფასებებს, ჩვენ შეიძლება, სუბიექტურებიც ვიყოთ, როდესაც მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაცია ყოველ კვირაში გამოსცემენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს ეკონომიკის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვადასხვა მიმართულებით, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს. ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას, რომელსაც აქვს შეთავაზება, რომ,  მაგალითად, შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. ამ შეთავაზებით იყო წარმოდგენილი ქალბატონი სალომე დღეს და ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. სცადეთ და ნახავთ, რომ არანაირი განსხვავება არ იქნება. ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებაში. თქვენ წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში გახსოვთ ასეთი ორგანიზაციების, არცერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია არცერთი მესიჯი. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის უკიდურესად ტენდენციური, დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი“, – განაცხადა მდინარაძემ.