მამუკა მდინარაძე - ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას
ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა. არ გათავდა, რადგან რამდენიმე ევროპულმა ფონდმა ჩაანაცვლა, გარკვეულწილად, USAID-ისა და NED-ის დაფინანსებები და „ენჯეოები“, სამწუხაროდ, კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მათ ის ძალა, რაც უფრო დიდი ფულით ჰქონდათ, აღარ აქვთ.
„აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის მიერ ეს სქემა იქნა გაშიფრული და მხილებული. სწორედ ამან შეასუსტა დარტყმის ძალა. ისინი ყოველდღიურად, ამ პანიკური და აგონიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალ-ახალ აღიარებებს დებენ. ზოგი სიმართლის თქმის გუნებაზე მერე დადგება. უნდათ, საქართველოს მოერიონ და, რაც ყველაზე მთავარია, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენი მთავარი იდეა არის ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობა, რათა თავიც გადავირჩინოთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, უკეთ იცხოვროს ჩვენმა მოქალაქემ, ევროპაში კვლავ პირველები ვიყოთ. ეს არის უდიდესი მიღწევა, კვლავ პირველები ვიყოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ამ გლობალური ტურბულენტობის და გარშემო ომების ფონზე. რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა და არ დაემუქროს არანაირი საფრთხე არც მამულს, არც ენას, არც სარწმუნოებას და განვვითარდეთ. წარსულს პატივი ვცეთ და მომავალზე ვიზრუნოთ ღირსეულად“, – განაცხადა მდინარაძემ.