მამუკა მდინარაძე - ყველაზე ნაკლებად ველოდები, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ შემოვა, არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი, მხოლოდ ძალაუფლებაზე ფიქრობენ
მამუკა მდინარაძე - ყველაზე ნაკლებად ველოდები, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ შემოვა, არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი, მხოლოდ ძალაუფლებაზე ფიქრობენ

ყველაზე ნაკლებად ველოდები, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ შემოვა, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელი ოპოზიციური პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში.

მდინარაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან მისი ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული 27 პროცენტი არ აკმაყოფილებს.

„მე არ ვიცი წინასწარ ოპოზიციის გადაწყვეტილების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი ოდნავ რაციონალურად და სახელმწიფოებრივად ფიქრობს, ისინი მიიღებენ პარლამენტის და ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებას. მე რაც არ უნდა ვარაუდები მქონდეს, აქ მთავარია რაციონალური დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. ქვეყნის ბედზეა საუბარი. პირადად ჩემი აზრი, პარლამენტში შემოსვლას ვისგან მეტად ველოდები ან ვისგან – ნაკლებად, არ მგონია ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ნაკლებად ველოდები „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“, რადგან მათი მიზანი არ არის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ისინი პრინციპში – ან ყველაფერი ან არაფერი –  გასაქანს ვერ პოულობენ. ჩიხში არიან ამ მიმართულებით. როდესაც მათ ეს ე.წ. რევოლუციური სცენარი აირჩიეს, მაშინვე იცოდნენ, რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, თუმცა საზოგადოება უნდა დაერწმუნებინათ ამ ტყუილში.

დღეს ლამის მოღალატედ აცხადებენ იმ ოპოზიციონერს, რომელიც ოდნავ მაინც ეჭვს შეიტანს, არჩევნები გაყალბდა თუ არა. ჩვენმა რომელიღაც თანაგუნდელმა თქვა – რწმენის დონეზე აიყვანეს, არჩევნები მართალია არ გაყალბებულა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა იძახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და ერთმანეთს ამუნათებენ მათ შიდა საუბრებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია „მოქალაქეების“ გარდა სხვა პარტია, რომელიც შესაძლოა ხელახალი არჩევნების გარეშე შევიდეს პარლამენტში, მდინარაძემ უპასუხა, რომ შეიძლება იყოს ასეთი პარტია.

„აქვს ვარაუდი, რომ კი, შეიძლება იყოს ასეთი პარტია. მე არ მგონია, რომ ამაზე წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, თავიანთი რადიკალიზმის და ტყუილების ფონზე. არ აწყობთ მოლაპარაკება, არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი. ისინი ფიქრობენ მხოლოდ თავის ძალაუფლებაზე. „ევროპულ საქართველოს“ დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან პრაქტიკულად ვერ მოხვდა თავისი ლიდერშიპით პარლამენტში. „ნაცმოძრაობას“ არ აკმაყოფილებს ის 27 პროცენტი იმიტომ, რომ მას უნდოდა ყველაფერი. პოლიტიკურ ყველაფერს, ასე დავარქვათ, ისინი ამ ქვეყანაში მე მგონია, რომ ვეღარასდროს მიაღწევენ“, – განაცხადა მდინარაძემ.