მამუკა მდინარაძე - ყველაზე დიდი ავანტიურისტის, სააკაშვილისგან იგეგმებოდა უდიდესი პროვოკაცია, ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც არ ფიქრობს არეულობაზე
მამუკა მდინარაძე - ყველაზე დიდი ავანტიურისტის, სააკაშვილისგან იგეგმებოდა უდიდესი პროვოკაცია, ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც არ ფიქრობს არეულობაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდ მადლობას უხდის საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც აღკვეთეს უდიდესი პროვოკაცია.

„უკვე, როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება, ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. საბედნიეროდ, ეს იქნა აღკვეთილი და მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მადლობა უნდა გადავუხადოთ სამართალდამცველებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ამ პროვოკაციას ხვალ, არჩევნებზე ასევე უპასუხებენ „ქართული ოცნების“ მომხრეები.

„რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველი, ვინც აპირებდა და არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ამ უდიდეს პროვოკაციას, რომელსაც პირველ რიგში სამართალდამცველებმა უპასუხეს, ასევე უპასუხებენ ჩვენი მომხრეები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ. ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ორიენტირი აქვს განვითარებაზე, მომავალზე, რეალურად დასავლურ კურსზე და არ ფიქრობს არეულობაზე, ქაოსზე, ფიქრობს თავის ქვეყანაზე და უყვარს თავისი სამშობლო, ეს იქნება დღევანდელი და ხვალინდელი დღის ბოლომდე წარმატებით დაგვირგვინება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი