მამუკა მდინარაძე - ყველა ამბობს, რომ არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი იყო, ამაში მხოლოდ ბოკერია-სააკაშვილი ვერ დავარწმუნეთ
მამუკა მდინარაძე - ყველა ამბობს, რომ არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი იყო, ამაში მხოლოდ ბოკერია-სააკაშვილი ვერ დავარწმუნეთ

მსოფლიოში არც ოფიციალური წარმომადგენელი და არც ინსტიტუცია არ დარჩა, რომელმაც ხაზგასმით და დაბეჯითებით არ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საქართველოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც საპირისპიროს ჯიუტად იმეორებენ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რაღაც ლეგიტიმურია და ეს ასე არ არის მხოლოდ ბოკერია-სააკაშვილისთვის, მგონი, ყველაფერი ნათელია და კითხვები აღარ არსებობს. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ამაში მხოლოდ ბატონი გიგა და მიხეილი ვერ დავარწმუნეთ. ბოკერია, სააკაშვილი და სხვები რომ სცილდებიან დასავლეთს თავის მესიჯბოქსში, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. მორიგ ჯერზე ბეჭედი დაესვა იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია. „აირაის“ და ეუთო/ოდირის დასკვნებმა ეს აჩვენა. ასევე მაღალი ტრიბუნებიდან ეს ითქვა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს, მაინც იმავეს იმეორებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, მდინარაძე აცხადებს, რომ შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის პასუხისმგებლობაა საჭირო.

ჩვენი ინტერესი ნიშნის მოგება არ არის, ვსაუბრობთ ოპოზიციასთან, რაც არ უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ. გვინდა, ყველა დავარწმუნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რა განცხადებები კეთდება, მზად ვართ, ვილაპარაკოთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ხვალინდელ დღეს გარკვეული საზღვრები იყოს ჩვენი შეთანხმების სახით. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვიდრე ოპოზიცია, მაგრამ ელემენტარული კონსტრუქციულობა მათი მხრიდანაც არის საჭირო, რათა ქვეყანამ კრიზისთან ბრძოლა ისე მოახერხოს, როგორც სჭირდება უმუშევრობის აღმოფხვრის, ასევე სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის. პანდემიამ ქვეყანას ზიანი მიაყენა და ამ დროს, როცა მართალი არ ხარ და ცდილობ, ქვეყანა აჯანჯღარო, ეს არ არის სწორი. ამის მიუხედავად ვამბობთ, საუბარი გავაგრძელოთ და ისეთ შედეგზე მივიდეთ, რაც ქვეყანას აწყობს. მგონია, მათი მხრიდანაც იქნებიან ადამიანები, ვინც კონსტრუქციულობას შაბლონად და ტრაფარეტად არ მიიღებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.