მამუკა მდინარაძე - ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ ოპონენტებს, იქნებ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ერთად ვიმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე
მამუკა მდინარაძე - ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ ოპონენტებს, იქნებ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ერთად ვიმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე

ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ ოპონენტებს, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს IRI-ის შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში.

„დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკო-მ გამოავლინა არჩევნების ჩატარებისა და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა.

„საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ქვეყნის ისტორიაში.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ- სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მდინარაძემ.