მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელი ამბავი გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის პიკეტირებაზე გადავიდა, კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელი ამბავი გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის პიკეტირებაზე გადავიდა, კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ

ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს. ამასთან, მოგვიანებით, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ აქციების ფორმა შეიცვლება, „რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მიეცეს“.

„ისედაც მშვიდობიანი აქციები იყო დაანონსებული, მაგრამ მივცემთ კიდევ უფრო ისეთ ფორმას, რომელიც ხელისუფლებას სალაპარაკოდ ზედმეტ საბაბს არ მისცემს“, – დასძინა ზაალ უდუმაშვილმა.