მამუკა მდინარაძე - ვთხოვ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ გაცხოველებულ დაზვერვით სამუშაოს, რასაც ჩვენი ქვეყანა არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაკეთდება გარკვეული მინიშნებები
მამუკა მდინარაძე - ვთხოვ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ გაცხოველებულ დაზვერვით სამუშაოს, რასაც ჩვენი ქვეყანა არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაკეთდება გარკვეული მინიშნებები

მეძლევა საშუალება, გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაკეთდება გარკვეული მინიშნებები.

„დღეს ჩვენ და ჩვენს სპეციალურ სამსახურს შეგვწევს ძალა, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში გამოავლინონ სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები, მათი შესაბამისი ე.წ. რეზიდენტი პირები. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობას. ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ. მგონი, ყველასთვის გასაგები იქნება და თავად უკეთ იციან, არანაკლებად ჩვენზე, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. მინდა, ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოს გაცხოველებულ და ინტენსიურ რეჟიმში – ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

ასევე, ჩვენს სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაციები. ვთხოვთ, ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში – მე ნამდვილად არ ვიმუქრები – შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამის თქმის ძალა დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის, შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით, საბედნიეროდ, აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.