მამუკა მდინარაძე - ვიოლა ფონ კრამონი გარედან ეხმარება ჩვენს მავნებლებს, რათა განხორციელდეს გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, არეულობა
მამუკა მდინარაძე - ვიოლა ფონ კრამონი გარედან ეხმარება ჩვენს მავნებლებს, რათა განხორციელდეს გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, არეულობა

ვიოლა ფონ კრამონი გარედან ეხმარება ჩვენს მავნებლებს, რათა განხორციელდეს გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყნის შიგნით ცდილობენ, მაქსიმალური მოლოდინი შეიქმნას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რათა უარის შემთხვევაში ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდეს და ამას არეულობა მოჰყვეს.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ, მათი გეგმით, მაქსიმალურად უნდა აიწიოს მოლოდინი სტატუსთან დაკავშირებით. ვინმე ამ მოლოდინთან დაკავშირებით სხვაგვარ აზრს თუ გამოთქვამს – ჩვენზე რაც არის დამოკიდებული გავაკეთებთ და თუ ასე არ იქნება, რა გავაკეთოთო, მსგავსი დათქმა თუ იყო, მათი მხრიდან მოლოდინის „აწევა“ აღარ გამოდის. მოლოდინი თუ არ „აიწია“ მაქსიმალურად და რაღაც სხვანაირად თუ მოხდა, ხელისუფლებას არ დაბრალდა, ეს მათთვის წარმოუდგენელი ამბავია. ისინი გეგმას იცავენ. კრამონიც გარედან ეხმარება ჩვენს მავნებლებს, რომ განხორციელდეს გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, არეულობა, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

ამ გეგმას ვერ შეასრულებენ, თუ მოლოდინი რეალური კი არა, გადაჭარბებულიც არ იქნა. ამ მოლოდინთან დაკავშირებით ვინმეს მხრიდან ცოტა სხვანაირი მესიჯი თუ გახმოვანდა, უმალვე თავს ესხმიან. ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. ეს არის მავნებლურ გეგმაში დახმარება, რომ რაღაცნაირად მოლოდინი „აიწიოს“ და შემდეგ, ამ მოლოდინის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაბრალებით, კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.