მამუკა მდინარაძე - ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამნისტია არ შეეხება
მამუკა მდინარაძე - ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამნისტია არ შეეხება

ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამნისტია მას არ შეეხება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, ძალიან საშიში ტრენდია, რომ ამნისტია ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას – არა.

„ძალიან საშიში და დამაზიანებელი ტრენდია ის, რომ ამნისტიაში სეგმენტაცია მოვახდინოთ, ვიღაცას შეეხოს, ვიღაცას – არა, ვიღაცას სჭირდებოდეს დაზარალებულის თანხმობა და მეორე პირს – არა. ოპოზიცია იქამდეც მივიდა, რომ მოდი, თუ დაზარალებული დემონსტრანტია, მისი თანხმობა საჭირო იყოს და პოლიციელის შემთხვევაში – არა. პოლიციელის ამგვარი დისკრიმინაცია ხომ აბსოლუტურად მიუღებელია.

შარლ მიშელის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და დაკავებას. ვინ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეს, შეუძლებელია სხვაგვარად. აქ იყო საუბარი გადაფურცვლაზე და ამ თარიღის გადაშლაზე, რომ აღარ ჩავყოლოდით რაღაც სიღრმეებს, სადაც რამდენიმე „სიმართლე“ არსებობდა. სიმართლე ერთია. ჩვენ პირწმინდად მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს, მიუხედავად ამ კონკრეტული და ძალიან მკაფიო დათქმის, კონვენციით გათვალისწინებული მუხლები გამოვრიცხეთ და 117-ე მუხლიც გამოვრიცხეთ, რომელიც გულისხმობს სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ შემთხვევაში მაკო გომურის და სხვა ადამიანების ფაქტორიც იყო. ვინმეს თუ დაუმტკიცდება, რომ მან რომელიმე დემონსტრანტს განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში მასაც კი არ შეეხება. ოპოზიცია რასაც ახლა ამბობს, ამ გამონაკლისებზეც კი წავედით, ოღონდ არა იმ სიღრმეებში, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავდა იმ დათქმას, რომელიც მიშელის დოკუმენტში წერია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხში მართლები ვართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამნისტიის ობიექტმა, მათ შორის ნიკა მელიამ ხმა რომ არ ამოიღოს, მას ამნისტია შეეხება.

„პრაქტიკულად არავის თანხმობა და უარყოფა საჭირო არ არის. ხმა რომ არ ამოიღოს ამნისტიის ობიექტმა, მათ შორის, მელიამ, მას შეეხება ამნისტია. კახა კუჭავას შეთავაზება იყო კითხვის ფორმით, ამ საკითხს საერთოდ რომ არ შეეხოს „ქართულო ოცნების“ მიერ ინიცირებული ვერსია, დათანხმდებოდით? ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ ოპოზიციის ნაწილისგან, მაგალითად, „ლელოსგან“ თანხმობა. შესაბამისად, ეს საკითხიც რომ იყოს ამოღებული, ვერ მივიღეთ ოპოზიციის ნაწილისგან თანხმობა. ისინი აპელირებენ დაზარალებულის თანხმობაზე და ა.შ. ერთ შემთხვევაში საჭირო იყოს დაზარალებულის თანხმობა და მეორეში – არა, წარმოუდგენელია და ამიტომ შეუძლებელი გახდა დღეს შეთანხმების მიღწევა. მარტივი იურიდიული საკითხია, როცა პირის ნების საწინააღმდეგოდ რაღაც არ უნდა გააკეთო. ესეც  რომ ამოგვეშალა პროექტიდან, ამ შემთხვევაშიც თანხმობას არ აცხადებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.