მამუკა მდინარაძე - ვინმე თუ მართლა ფიქრობს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, უნდა ურჩიოს, ექიმებს დაუჯეროს
მამუკა მდინარაძე - ვინმე თუ მართლა ფიქრობს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, უნდა ურჩიოს, ექიმებს დაუჯეროს

მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს, იმ ექიმებს, რომლებიც პროფესიონალები არიან და თუ ის ამას გააკეთებს, ეს ე.წ. პრობლემა ან თუნდაც რეალური პრობლემა რომ იყოს, გადაწყდება ძალიან მარტივად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა პიარკამპანია ემსახურება გზას, რომელიც ომის დაწყებისკენ მიდის.

„ერთი მხრივ, ომისა და ღალატის პარტია გვთავაზობს დღის წესრიგად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი გადაჭრის უამრავ გზას იგონებს – საზღვარგარეთ მკურნალობა, სადღაც გადაყვანა-გადმოყვანა და ა.შ. გასაგებია, რომ ამ პარტიის ლიდერის მხრიდან არის შანტაჟი, თუ არ იქნება ნომერ პირველი საკითხი, მაშინ დაფინანსება შეუწყდებათ და დღეს უფრო გამძაფრებულია ეს პიარკამპანია მისი აქტუალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი გათავისუფლება დაკავშირებულია პირდაპირ ომთან. საბოლოო ჯამში, ყველა პიარკამპანია ემსახურება გზას, რომელიც მიდის ომის დაწყებისკენ. საქართველოს ჩათრევისკენ ომში. თუ დღეს გაძლიერებული შეტევა მიდის ხელისუფლებაზე, საბოლოოდ, ეს ომში ჩათრევის მცდელობასთან მიდის მაინც. თუ ვინმე მართლა ფიქრობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი პარტიიდან, უბრალოდ უნდა ურჩიოს, რომ ექიმებს დაუჯეროს და ფეიკკამპანიებით არ დადგას შოუები. გუშინ ჩვენ კიდევ ერთი შოუ ვნახეთ, თურმე საკანში უყურებდა სააკაშვილი, როგორ გადაჰყავდათ ის საავადმყოფოში. ცინიზმია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და ეს ხალხიც მგონია, ნელ-ნელა ხვდება, როგორ ატყუებს თავისი პარტია“, – განაცხადა მდინარაძემ.