მამუკა მდინარაძე - ვინმე დემოკრატიას ხელს თუ შეუწყობს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ და სააკაშვილი, სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ? ეს სტანდარტი უნდა რასა იუკნევიჩიენეს
მამუკა მდინარაძე - ვინმე დემოკრატიას ხელს თუ შეუწყობს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ და სააკაშვილი, სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ? ეს სტანდარტი უნდა რასა იუკნევიჩიენეს

ვინმე დემოკრატიას ხელს თუ შეუწყობს, ქვეყანაზე იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ და სააკაშვილი, ასევე სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა რასა იუკნევიჩიენეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ქართული ოცნების“ არჩევანი თუ არის ივანიშვილი და არა ევროკავშირის წევრობა, ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვერ დააშანტაჟებ ადამიანს, რომელმაც წლების წინ ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გადადო.

„დიდი მადლობა რასა იუკნევიჩიენეს. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ხანდახან რიგი ადამიანები ასეთი სულელური არჩევანის წინაშე გვაყენებენ-მეთქი, ამაზე გვაკრიტიკებენ ხოლმე. ახლა თვალნათლივ, ხელისგულზე გამოჩნდა, როგორ ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი. ჩვენ ხომ გვაკრიტიკებენ, მაგალითად, იმ განცხადებებისთვის, სადაც ვამბობდით, რომ რეზოლუციაში ისეთი სიგიჟე ჩაიწერა, რომლის მიხედვითაც, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, საშინელი სისტემის შემქმნელი გარეთ უნდა გამოვუშვათ და ბიძინა ივანიშვილი უნდა დასაჯონ. მათ ეს სურთ და ქალბატონი რასა ამ ნარატივს ამყარებს. შესაბამისად, მადლობა, რომ ასე მკაფიოდ ამბობს იმ წარმოუდგენელ მესიჯს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე. ჩვენ თუ ასეთი ინტერპრეტაცია მივეცით მათ რომელიმე გამონათქვამს, ამბობენ, რომ ეს არასწორია, მაგრამ ახლა ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს. აგერ ალტერნატივა, ვინმე დემოკრატიას ხელს თუ შეუწყობს, ქვეყანაზე იფიქრებს, იზრუნებს, ის დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, დავსაჯოთ, უარი უნდა ვთქვათ ასეთ ადამიანებზე და მიხეილ სააკაშვილი, ასევე სხვა უმძიმესი დანაშაულის ავტორები გარეთ უნდა იყვნენ. ეს სტანდარტი უნდა ქალბატონ რასას და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დავალების მიმცემები ნამდვილად არ არიან. ამ კატეგორიაში ქალბატონ რასას ვერ გავიყვანდი. ისიც ისეთივე როლშია, როგორც, მაგალითად, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით. რასა იუკნევიჩიენემ და სხვა მეგობრებმა რა არ მოიგონეს, რა არ გააკეთეს, რომ ასე დამდგარიყო საკითხი, მათ შორის დეოლიგარქიზაციის თემასთან დაკავშირებით.

საქმე იქამდე როცა მივიდა, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რამენაირად სტატუსი ან ეს კანონი მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, უკვე ნარატივი შეცვალეს და აბსოლუტურად სხვაგვარად საუბრობენ. ამ შემთხვევაში ქალბატონ რასას განცხადებას ვგულისხმობ. ჩვენ ვნახეთ მსოფლიოში ძალიან ცნობილი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, ბანკი „კრედიტ სუისი“ როგორ გახდა მეასეხარისხოვანი თავისი რეპუტაციით, როგორ გაიყიდა შემდეგ კაპიკებში, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი ორი მილიარდი არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებებისა, და სასამართლო უამრავჯერ მოიგო. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნეს და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. ადვილი გასააზრებელი იყო, რომ ფულით ვერ დააშანტაჟებ ადამიანს, რომელმაც წლების წინ ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გადადო. ეს ყველაფერი ვერ გაიაზრეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.