მამუკა მდინარაძე - ვიმედოვნებთ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება, ოპოზიციასაც და ჩვენც მოგვიწევს, კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე
მამუკა მდინარაძე - ვიმედოვნებთ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება, ოპოზიციასაც და ჩვენც მოგვიწევს, კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე

გადაკვეთის წერტილი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არის ის, რომ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც და ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძემ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგება.

„უკვე კარგი კონტურები გამოიკვეთა. მოვისმინე ოპოზიციის განცხადებებიც. გადაკვეთის წერტილი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არის ის, რომ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ჩვენც და ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს უკვე ძალიან კარგია და ეს პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ასევე აშშ-ის ელჩის დამოკიდებულებამ და მათმა შრომამ მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით. მართლაც ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ოპოზიციასაც და ჩვენც მოგვიწევს, რომ გარკვეული კომპრომისული წინადადებებით წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე მედიაციის პროცესში და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების დადებას მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

„ყველაზე მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ 2024 წლისათვის უკვე ძალიან თამამი განცხადება გვაქვს, აქედან გამომდინარე უნდა მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა და შემდეგ წლებში უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯების ერთობლიობა და ჩვენ ახლა, ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებით გვაქვს უნიკალური შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს დაძაბულობა ჩავაბაროთ წარსულს და შედეგიც შესაბამისად პოზიტიური იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავი ვერ შეიკავა წითელ ხაზებზე დაიწყო საუბარი.

„რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმება, დათქმა, რომ როგორც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, წითელ, ყვითელ და ლურჯ ხაზებზე ნამდვილად არ ვისაუბროთ. თუმცა ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, სამწუხაროდ, თავი ვერ შეიკავა ამაზე და წითელ ხაზებზეც ისაუბრეს, შემდეგ ღამით და დღეს დილით ფეისბუკში ალბათ ყველამ ნახეთ ფეიკნიუსები, ბევრი ვიხილეთ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დისტანცირდა პოლიტიკიდან და წასულია პოლიტიკიდან, მაინც თითქოს დაეთანხმა კელი დეგნანის შეთავაზებას და რაღაც ფოტოები ვრცელდებოდა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ძალიან სამწუხაროა და უკაცრავად, ამას რომ გეუბნებით, ზოგიერთი ტელევიზიის პროდიუსერებიც კი იყვნენ ამ ფეიკნიუსების გავრცელებაში ჩართულები. დღეს კიდევ აანონსებენ ფეიკნიუსების, ფაბრიკაციების და უკანონო ჩანაწერების გავრცელებას. ისედაც ცუდია უკანონო ჩანაწერის გავრცელება და ფეიკნიუსის გავრცელება, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც გამოიკვეთა აშკარა კონტურები იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, შევთანხმდეთ და ქვეყანა გადავიდეს პროაქტიულ დღის წესრიგზე, ვილაპარაკოთ საქმეზე და ვაკეთოთ ეს საქმე ყველამ ერთად. ამ დროს აკრძალული მეთოდებით გვერდიდან დარტყმები არის ძალიან ცუდი და მოვუწოდებ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მდინარაძე თავს იკავებს.

„არც ერთ დეტალზე მე დღეს არ ვისაუბრებ იმის გამო, რომ ერთია შეთანხმება და მეორე – არ დავაზიანოთ პროცესი. კონკრეტულ წინადადებებს ვერ გეტყვით, პლებისციტზე, რიგგარეშე არჩევნებზე, სხვადასხვა კომპრომისზე, არჩევნებზე, გაყალბებაზე, რაც ერთ-ერთი ფეიკი იყო. არანაირი საკითხი არ შემიძლია დაგიკონკრეტოთ – განიხილება, მოიხსნა დღის წესრიგიდან თუ დარჩა. არ იქნება სწორი, ამით დავაზიანოთ პროცესი. როგორც იქნა აქ დავემთხვიეთ ერთმანეთს და ყველას ერთად გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. აქედან გამომდინარე, დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

„მორიგი შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში. ეს ყველასთვის ნათელია და დაანონსებულია უკვე“, – განაცხადა მდინარაძემ.