მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ და  სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევა იმ გეგმის ნაწილია, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევა იმ გეგმის ნაწილია, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს

ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ვფიქრობთ, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ კანონს ყველა დაემორჩილოს. როგორც მდინარაძე ამბობს, ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება არავის თვითმიზანი არ არის.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ვფიქრობთ, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა, თან დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს.

მათ, საბედნიეროდ, პრინციპში, საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ. ეს სწორი საქციელია, რადგან ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და მის მოთხოვნებს. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება არავის თვითმიზანი არ არის. აქ გვაქვს ერთი უმარტივესი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი, თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და კანონს კანონი, უნდა დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნებს, მის ლეგიტიმურ აღსრულებას.

რაც შეეხება კიბერშეტევას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან, რომ უმოკლეს პერიოდში გამოიძიონ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია, რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, დესტრუქციული დამატებითი დამხმარე მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას. კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებული იქნება, ფარდა აეხდება ყველაფერს. ამ წუთებში რა ინფორმაციაც მაქვს შსს-ს საიტებზე და ვებგვერდებზე, ასევე რაც დადასტურებულად და 100-პროცენტიანი შემიძლია გითხრათ, პარტიის ყველა საიტზე და ვებგვერდზე ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, შტურმი. კიბერშტურმი შეიძლება დავარქვათ და პრაქტიკულად, ამ ეტაპისთვის 100 ნიუსიდან პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 98, 99-ის განთავსება ვერ ხდება, თუმცა მალე აღმოიფხვრება პრობლემა. აიტი ტექნოლოგიები ამაზე მუშაობენ. ახლა მომდის მესიჯი, შეგვიძლია კიდევ უფრო დადასტურებულად ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატების მუშაობის შეფერხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.