მამუკა მდინარაძე - ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, ნუ დაგვიშლიან და ნუ დაგვიქნევენ თითს, ნუ მისცემენ ექსტრემისტებს საშუალებას, რუსული დაუძახონ იმას, რაც ევროკავშირშია ინიცირებული  
მამუკა მდინარაძე - ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, ნუ დაგვიშლიან და ნუ დაგვიქნევენ თითს, ნუ მისცემენ ექსტრემისტებს საშუალებას, რუსული დაუძახონ იმას, რაც ევროკავშირშია ინიცირებული  

ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ, ნუ მისცემენ ექსტრემისტებს საშუალებას, რუსული დაუძახონ იმას, რაც ევროკავშირშია ინიცირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მამუკა მდინარაძემ ჩამოთვალა კანონპროექტის დასახელებები, რომლებითაც ევროკავშირი და სხვადასხვა ქვეყნები უცხოურ გავლენასთან დაკავშირებულ კანონებს იღებენ. როგორც მან განმარტა, კანონპროექტი ზოგან წარმოდგენილია უფრო მკაცრი რეგულაციებითაც, ვიდრე ქართულ პროექტში.

„შარშან მოდიოდა შეფასება – „რუსული კანონი“. წელს ოფიციალური სტრუქტურებისგან არცერთი ასეთი შეფასება არ არის, მათი მხრიდან რუსული კანონი არ ხსენებულა, ხომ ასეა?! ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან აღარ არის, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ, ევროპაში დაინიცირებულ კანონს დაარქვან რუსული. კონკრეტული პირების, პარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ლობირებენ „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოსექტორის მათ წარმომადგენლებს რეალურად და არა ქართველი ხალხს, ეს ბუნებრივია. რატომ ხდება ეს ყველაფერი? მთავარი კითხვაა, რატომ? ერთი არგუმენტი როდესაც არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია „ენჯეო“ ან მედიაორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით.

კანონი ყველას გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მაგალითად, ჩეხეთის ელჩმა გააკეთა ასეთი კომენტარი, ძალიან ცუდად ჩანს „უცხოური ძალა“ და „უცხოური გავლენა“, მეგობრულად არ ჟღერსო. მაშინ, მეგობრულად არ ჟღერს, იმავე ლოგიკით, გაერთიანებული სამეფოს სათაური ანალოგიური კანონის – „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ევროკავშირში დარეგისტრირებული – „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება“. არათუ გავლენა, ინტერესების წარმოდგენას არქმევენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და ლეგიტიმურია. ავსტრალიაში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში“ არსებობს ჩანაწერები. კანადაში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“ ჰქვია,  საფრანგეთში დაინიცირებულია – „უცხოური გავლენის დასაძლევად“ და არ წერია არსად არც რუსული და ან სხვა ქვეყნების გავლენის დასაძლევად. ახალ ზელანდიაში სამად არის გაყოფილი საარჩევნო აქტი – დანაშაულების შესახებ აქტი და კომპანიების შესახებ აქტი. უკრაინაში კანონის სახელია – „გარკვეული საკანონმდებლო აქტების შესწორების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში. აშშ „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტი“ ჰქვია.

რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს? ვინმეს თუ მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ, გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, მე ასე არ მიმაჩნია. ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რაც თავისთან აქვთ, თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა უფრო მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არავისგან არ ვიმსახურებთ. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ. სუვერენიტეტი იყოს განმტკიცებული და ვერავინ შეძლოს, რომ შავი ფულით მოახდინოს გარკვეული კორექტირების შეტანა ამ ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა მდინარაძემ.