მამუკა მდინარაძე - ვალდებული ვართ, სახალხო დამცველს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოვუსმინოთ
მამუკა მდინარაძე - ვალდებული ვართ, სახალხო დამცველს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოვუსმინოთ

როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგეს, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.

„ეს პროცედურული ნაწილია და ჩვენ განსხვავებული პოზიცია ვერ გვექნება. ერთადერთი შეიძლება რეგლამენტი განვმარტოთ, რომ სამი დღის ვადაში ეს ვერ მოხდება. როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგეს, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არის ნორმა, რომელიც კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში გვიწერია. შესაბამისად, ჩვენ მას მოვუსმენთ. ამ სამდღიანი პროცედურის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ხუთშაბათის ნაცვლად „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვის ოთხშაბათს დაწყება და მისი მოსმენა დღის წესრიგში ხუთშაბათს ჩავსვათ. ერთადერთი შეიძლება ეს ცვლილება გამოიწვიოს. ოღონდ სახალხო დამცველს ნუ დავაბრალებთ, რომ ჩვენი თამაში ითამაშა და მოვლენები ერთი დღით მან დააჩქარა იმიტომ, რომ აქ ერთ დღეზე, ორ დღეზე და ორ კვირაზე ისეთი ამბები ტყდება, წარმოუდგენელიც კი შეიძლება ყოფილიყო ვინმესთვის, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სახალხო დამცველს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოვუსმინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.