
ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად კიდევ უფრო თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობაგანმტკიცებული სახელმწიფო გვინდა, შევქმნათ, რათა არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „მეგობარ აქტად“ წოდებული დოკუმენტი ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნული აქტი არის „ხავსი ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის“.
„ამას ვერ ექნება გავლენა და ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ. ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულებაა აქედან, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან, დღეს რომ შეგვიძლია, ასე ვილაპარაკოთ, ძალიან თამამად და ამაყად ვეუბნებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიეთ ურთიერთობებში, გადატვირთეთ ეს ურთიერთობები, ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა, თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და შემდეგ ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ, დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია, თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე ჯერ კულისებში, შემდეგ – საჯაროდ. მათ შორის, კულისებში ნალაპარაკებზე ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის პერიოდში და არავინ იფიქროს, რომ ამ ადმინისტრაციის პერიოდში რაღაც ისეთი იყო, რისი გამხელაც არ შეიძლება, ამ ღია წერილითაც გამოდის საჯაროდ, მაგრამ წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში რომ ჩვენ ყველაფერი ვილაპარაკოთ, ალბათ წითელ ხაზებს გადავცდებით, რაც უკიდურესად დამაზიანებელია, ამას არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვთქვით. მაგრამ როცა იმაზეც არის საუბარი, ჩვენ რატომ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ მიერვე ხავსად წოდებულ დოკუმენტს, იმიტომ, რომ ესეც ყურადღებამისაქცევია. ამხელა თემაში არ არის, ერთი მხრივ, ფაქტორად გასათვალისწინებელი, თორემ კონგრესია ხომ ბოლოსდაბოლოს. ვერ გაურკვევიათ, შალვა თადუმაძე მოსამართლეა თუ პოლიციის მაღალჩინოსანი და რაღაზე ვლაპარაკობთ, ათასი სისულელე რომ წერია. გუშინ რომ „მეგობარი აქტი“ ერქვა და დღეს ჩინეთის გავლენებისგან რომ გვათავისუფლებენ, ამ სისულელეებზე, შეიძლება, არც ღირდეს, მაგრამ ჩვენი პარტნიორობიდან გამომდინარე, ჩვენ ავღანეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მხარდამხარ ვიბრძოდით, ჯარისკაცები დაგვეღუპნენ, ათობით, 30-ზე მეტი, ასობით ჯარისკაცი დაგვისახიჩრდა და შშმ პირია, თავს სწირავენ ჩვენი ჯარისკაცები. როგორც ამ წერილშია აღწერილი და ხაზგასმული, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით მშვიდობისთვის ბრძოლაში წარმოდგენილი და ამ დროს იმასაც არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაცამ შეფასება მაინც გააკეთოს, ოდნავ ობიექტურობასთან მიახლოებული? ამაზე დღეს ჩვენ თამამად ვსაუბრობთ და ვითხოვთ პასუხს ჩვენი მეგობრებისგან. ეს იქნება ჩვენი პოზიციის კიდევ ერთი მყარი დეკლარირება, ამაყი სახელმწიფოს მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რა უსამართლობაც აწყდება დღეს ქართულ სახელმწიფოს თანამედროვე სამყაროში. ჩვენ ვახდენთ დეკლარირებას, რამდენად თავმოყვარე სახელმწიფო შევქმენით და რამდენად კიდევ უფრო თავმოყვარე, სუვერენული, დამოუკიდებლობაგანმტკიცებული სახელმწიფო, გვინდა, შევქმნათ, რათა არ გავატაროთ არცერთი უსამართლო აქტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, შესაძლოა, „მეგობარი აქტი“ დიდ მნიშვნელობას არ იძენდეს, თუმცა ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელების.
„რაც უნდა ეს არ იძენდეს ისეთ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება, დამაზიანებელი იყოს რომელიმე სახელმწიფოსთვის, გუშინ „მეგობარი აქტი“ ერქვა, დღეს ჩინური, რუსული და სხვა გავლენებისგან გვათავისუფლებს, თითქოსდა ქართველ ხალხს ეხმარება და აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება. სისულელეა. ათასი ისეთი რამ წერია, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეფასებით უზუსტობებს კი არა, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს დოკუმენტი, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა. გასაგებია ისიც, რომ შემდგომი განვითარება, შეიძლება, არ მოჰყვეს, არ დაუჭირონ საბოლოოდ მხარი, ან დაუჭირონ და პრეზიდენტმა ტრამპმა შემდეგ ხელი არ მოაწეროს, ყველაფერი შეიძლება – შეიძლება მოაწეროს კიდეც, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ჩემი აზრით, მაგრამ დაუშვებელი არაფერია – ეს ხომ ინდიკაცია იქნება იმისა, რეალურად „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია ახალმა ადმინისტრაციამ, ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაში რა შედეგებს მიაღწია. ისევ ის ძალები მართავენ აშშ-ს, მათ შორის გავლენები აქვთ ევროპაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე თუ პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც მოახერხა სადავეების ხელში აღება. ეს შეიძლება, მსოფლიოში გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის ხომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და არამხოლოდ ჩვენთვის. სხვა ქვეყნების მაგალითზე სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა ხომ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყო უსამართლოო დამოკიდებულება და ეს უსამართლო დამოკიდებულება თურმე გაგრძელდა. ცუდ შემთხვევაში ვსაუბრობ. აქედან გამომდინარე, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება უნდა გვქონდეს. ამას ჯერ ვცდილობთ არასაჯაროდ, მაგრამ როცა შედეგი არ აქვს, ჩვენ თვითონვე უნდა შევაიარაღოთ ჩვენი ხალხი სიმართლით, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს ხოლმე სწორ არჩევანს და დამოკიდებულებას რეალობის მიმართ და არა იმ „ფეიკების“, რომლებსაც აგენტები ავრცელებენ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.