მამუკა მდინარაძე - უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ, დავარწმუნოთ პარტნიორები, მეგობრები და ის ძალები, რომლებიც გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ
მამუკა მდინარაძე - უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ, დავარწმუნოთ პარტნიორები, მეგობრები და ის ძალები, რომლებიც გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ

მშვიდობა უნდა იყოს, რათა მერე შევძლოთ, ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, რომ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვვითარდეთ. მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისთვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ მოიტანოს უფრო მეტი კეთილდღეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რათა საქართველომ ევროკავშირის კარი შეაღოს და ტვირთად არ დააწვეს მათ.

„არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს – ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის – კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რომ ჩვენ ევროკავშირის კარი შევაღოთ. რატომ? ჩვენ ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით ძალიან, ასე მარტივად ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, ანუ არავინ მიიღებს 4000-დოლარიან მშპ-ის ქვეყანას, მთლიანი შიდა პროდუქტი რომ გაქვს 4000 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ამას ევროკავშირში არავინ მიიღებს, ეს ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ, დღეს გადავცდით 8000-ს, მაგრამ კიდევ მეტს, 10-12-ს უნდა გადავცდეთ, რომ ევროკავშირმა მიგვიღოს და ტვირთად არ დავაწვეთ ევროკავშირს. ამიტომ ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა ევროკავშირის წევრობა. მომავალი ნათელია, ჩვენ ამის გვჯერა და ეს ნათელი მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ. უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. თუ საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, შემდეგ გაცილებით უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე დღეს არის და კიდევ უფრო დავლაგდებით ყველასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.