მამუკა მდინარაძე - უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მათგან რისკები არის ნულის ტოლი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
მამუკა მდინარაძე - უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მათგან რისკები არის ნულის ტოლი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ამ დღეების განმავლობაში იმასაც კი ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთო. ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, დალაგებულია აქ ყველაფერი და ორბანთან მხარდაჭერისთვის დავდივართ უნგრეთში. არათუ ჩვენი მიმართულებით შეფერხება, არამედ განსაკუთრებული ლობიზმის დონემდეც კი არის აყვანილი ორბანის და ამ სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენდამი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, უნგრეთის მხრიდან რისკები ბოლომდე გადაზღვეულია.

„თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს. უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, ამიტომ მათ რაიმე საკითხი საქართველოსთან დააკავშირონ იმ თემებზე, რაც მათი შიდა საქმეა, ეს არის გამორიცხული. ისინი განსაკუთრებულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მათი მხრიდან რისკები არის ნულის ტოლი. თეორიაში, დავუშვათ, იმიტომ, რომ ორბანთან შეიძლება, ვერ შეთანხმდნენ, საქართველოზე იძიონ შური და გადაგვივადონ, ასეთი თეორიული ლოგიკაც კი ხმოვანდება ხოლმე. ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის უსამართლობა, რომელიც ერთი წლის წინ განხორციელდა საქართველოს მიმართ, ახლა აღმოიფხვრება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რა კრიტერიუმები და რა შეფასებებიც დადო თავად ევროკავშირმა მიმდინარე წელს, ამის მიხედვით საქართველო უსწრებს სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ობიექტურად ჩვენ შარშან გვეკუთვნოდა სტატუსი და პოლიტიკური გადაწყვეტა იყო უსამართლო. შარშანაც რომ გადაწყვეტილიყო ობიექტურად, მივიღებდით სტატუსს, მაგრამ წელს ყველა ნიშანი და პრაქტიკული გარანტია არსებობს იმისა, რომ ჩვენ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. საქართველო, რაც ვერ დავაცდენინეთ ჩვენ ვერცერთ ოპონენტს და პრეზიდენტად წოდებულსაც კი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მდინარაძემ.