მამუკა მდინარაძე - უნდა დადგინდეს, რა მოტივი ამოძრავებდა მირზა სუბელიანს, ყველაზე რეალური ვერსია შანტაჟია
მამუკა მდინარაძე - უნდა დადგინდეს, რა მოტივი ამოძრავებდა მირზა სუბელიანს, ყველაზე რეალური ვერსია შანტაჟია

სახელმწიფოს შანტაჟის ენით არავინ უნდა ესაუბროს, მათ შორის არც ყოფილი განაწყენებული მაღალჩინოსანი, ასევე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ იქნა მოპოვებული გავრცელებული ჩანაწერი, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

მისი თქმით, პარლამენტი თითოეულ დეტალს ბოლომდე ჩაჰყვება და ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

„შანტაჟის ენით არავინ უნდა ესაუბროს სახელმწიფოს, მათ შორის არც ყოფილი განაწყენებული მაღალჩინოსანი და მით უმეტეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ იქნა ჩანაწერი მოპოვებული. აქ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუმცა მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაზეც ჩანაწერში საუბარია. არ ვაპირებთ წარსულის გამეორებას და არავის გაპრავებას. საუბარია იმაზე, როცა სააკაშვილს ჰყავდა თავისი სანოტარო ბიუროს სახით პარლამენტი, დღევანდელი პარლამენტი არის სხვა. თითოეულ საკითხს და დეტალს ჩავყვებით ბოლომდე. ერთი პატარა კითხვაც რომ გაჩნდეს, ვაპირებთ, ნებისმიერი საპარლამენტო მექანიზმით, იქნება მინისტრის დაბარება და თუ სხვა, ყველა კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, რადგან ამას ადასტურებს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც, მაგრამ მიაჩნია, რომ ავთენტიკურობა მაინც უნდა დადასტურდეს.

„მე უკვე მაქვს რწმენა, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, რადგან ამას ადასტურებს ჯაფარიძეც, მაგრამ მაინც ფორმალური მხარეა და ავთენტიკურობა უნდა გაირკვეს. შემდეგ ამ საუბრის მოტივაცია გაირკვეს და არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ეს უნდა უზრუნველყოს გამოძიებამ. მეორე მხრივ, ალბათ არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან 50 კაციანი შეიარაღებული ბანდიტები და ვიღაცებს აწამებენ. ეს არ ხდება და ამბავი დამაჯერებლობას აშკარად მოკლებულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, ასევე უნდა გაირკვეს მირზა სუბელიანის მოტივი.

„ბოლომდე უნდა დადგინდეს, რა მოტივი ამოძრავებდა სუბელიანს, თუმცა აქ ყველაზე რეალური ვერსია არის შანტაჟის მოტივი. ბუნებრივია, მირზა სუბელიანი განაწყენებული იქნება, რადგან მოხვდა ციხეში. როდესაც შანტაჟის ენით ელაპარაკება ვიქტორ ჯაფარიძეს და აბარებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან რაღაცას, რომ დააშანტაჟოს და მიიღოს სარგებელი ამით, სავარაუდოდ ეს შეიძლება არ იყოს პირველი, მაგრამ აღნიშნული ადამიანი მოხვდა ციხეში, შესაბამისად ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისგან არავის ჰქონდა ინფორმაცია.

„სამწუხაროდ, ვიქტორ ჯაფარიძისგან არავის ჰქონდა ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი ამბობს, სერიოზულადაც არ ჩავთვალე სუბელიანის საუბარიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

 

დატოვე კომენტარი