მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს

უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის, დაჩი ბერაიას, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და რამდენიმე დეპუტატის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროზე უმრავლესობის სხდომამდე მოხვდებოდა.

„როგორც დეპუტატი, ვაფიქსირებ აბსოლუტურ წინააღმდეგობას, მაგრამ როგორც უმრავლესობის ლიდერს, გულწრფელად გეტყვით, მქონდა ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ორშაბათამდე ბიუროზე არ მოხვდებოდა ეს საკითხი. მაგრამ რადგან დღეს გამოვიდა, ვფიქრობ, ჩვენ უახლოეს მომავალში, თქვენ უკვე იცით, გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რადგან თუ მსგავს ინიციატივებს, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგ განვითარება როგორი ექნება, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით, ეს იქნება კამათის საგანი და კი ბატონო, ვიკამათოთ, თუმცა ვიდრე ეს გაგრძელდება, ბატონო გურამ, ფორმალური ხასიათი ექნება ყველაფერს, მანამდე გარკვეულ საკითხებზე უმრავლესობის შიგნით უნდა ვიმსჯელოთ და ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიქტორ ჯაფარიძემ, დაჩი ბერაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს.

დატოვე კომენტარი