მამუკა მდინარაძე - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი როდესაც გამოდის, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, გაემიჯნოს განცხადებებს, რომლითაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას
მამუკა მდინარაძე - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი როდესაც გამოდის, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, გაემიჯნოს განცხადებებს, რომლითაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას

თუ ოდნავ მაინც იქნება ობიექტურობა უზრუნველყოფილი, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ასპროცენტიანი გარანტიით, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ოღონდ, ერთი დათქმით, თუ ოდნავ მაინც იქნება ობიექტურობა გარანტირებული. არაფერს ვერჩი არც მოლდოვას და არც უკრაინას. პირიქით, ჩემი მხარდაჭერა ამ ქვეყანას ამ უმძიმეს ომში. რაც დღეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავს დაატყდა, წარმოუდგენელი ამბავია. მათ თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ და წარმატება ვუსურვოთ, ყველა ვარიანტში. მით უმეტეს, ამ ფონზე შეიძლება, მძაფრად არ ვთქვა არაფერი, მაგრამ როდესაც ჩვენ ორივე ამ ქვეყანას ყველა კრიტერიუმით და ყველა მონაცემით ვუსწრებთ, ოდნავ მაინც ობიექტურობა უზრუნველყოფს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ განცხადებით მამუკა მდინარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ჩათვლის ევროკომისია ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოებს საკმარისად იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და როგორია მმართველი გუნდის მოლოდინი.

როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ დღეს, როდესაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში ომია და მან ეს დაასახელა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მთავარ მოტივაციად.

„მოლდოვასთან მიმართებაში ყველაზე მძიმე ზიანი ადგებაო, თუ რაღაც მსგავსი კონტექსტი იყო. მან მთავარ მოტივატორად ეს დაასახელა. ამ კონტექსტში საქართველოში ჩვენ ომს არ დავუშვებთ, არცერთ ვარიანტში“, – განაცხადა მდინარაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც გამოითქვა იმედგაცრუება იმ განცხადებებთან დაკავშირებით, თითქოს უკრაინას სურდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვისკენ მოწოდებები კეთდებოდა უკრაინის მაღალჩინოსნების, პრაქტიკულად, პირველი პირების მხრიდან და ამ ფონზე, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოდის, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, არის ამ განცხადებებისგან გამიჯვნა.

„პოდოლიაკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ან არესტოვიჩი, ან ის დეპუტატი, გეორგიევსკის ლენტით რომ დარბოდა? ჩვენ ვალაპარაკებთ ამათ? საქართველოს მოუწოდებდნენ თუ არა ომისკენ? ხომ იყო ეს პირდაპირი მოწოდებები, თავისი ქალების და ბავშვების დახოცვაზე მითითებებით და მინიშნებებით, რომ უნდა შევხიდებოდით ამ ომში? ეს მოწოდებები იყო მათი მაღალჩინოსნების, პრაქტიკულად, პირველი პირების მხრიდან და როდესაც ამ ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოდის, პირველი, რაც უნდა გააკეთო, ჯერ უნდა გაემიჯნო იმ განცხადებებს, რომლითაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. შემთხვევით, არასწორად ხომ არ მახსოვს ის ამბავი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და ელჩის გაწვევის მიზეზებზე ილაპარაკა, მათ შორის მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რომ ჩვენ თვითმფრინავებით სამხედრო ძალა არ გავაგზავნეთ უკრაინაში. ეს ხომ ფაქტია და არა ჩემი შეფასება? როდესაც ეს ფაქტი გვაქვს ხელისგულზე, შეფასებების გარეშეც ნათელია თუ არა ყველაფერი? მე მგონი, საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კეთილი ინებოს ყველამ, ჩვენმა მეგობრებმა განსაკუთრებით, გაემიჯნონ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოწოდებებს და იმგვარ მოქმედებებზე პირდაპირ მითითებას, მოთხოვნას და მოწოდებებს, რომელიც აპრიორი ნიშნავს ქართული მხარის ომში ჩართვას.

„მაშინ ჩვენ დავიჯერებთ, რომ მათ, ყველას, უნდათ საქართველოში მშვიდობა. ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ჩვენს მეგობრობას განამტკიცებს და არ დაგვაშორებს ერთმანეთს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.