მამუკა მდინარაძე - უდიდესი სირცხვილია, რომ გია ბარამიძე, რომელიც პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო
მამუკა მდინარაძე - უდიდესი სირცხვილია, რომ გია ბარამიძე, რომელიც პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო

უდიდესი სირცხვილია, რომ გია ბარამიძე, რომელიც პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველები ბინძურ დესტრუქციას მოთმინებით უძლებენ და გმირები არიან.

„პოლიციელებს დაცვა არ სჭირდებათ, ისინი თავის თავს დაიცავენ, ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს გვიცავენ. იქ გმირი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ერთი მხრივ, ბინძურ დესტრუქციას მოთმინებით უძლებენ და მეორე წუთში შუბლს ტყვიას უშვერენ. ეს ბიჭები არიან გმირები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

ქართველი კაცისთვის რთულია იმის მოთმენა, რაც იქ ხდება. ვინც ამას სპეციალურად ახორციელებს, მორალის ზღვარი დაცული არ აქვთ, მაგრამ კანონდარღვევის, მორალის, შეურაცხყოფის ზღვარზე ისე მოქმედებენ, რომ ადმინისტრაციულ დარღვევაში, სისხლის სამართლის სფეროში კარგად არიან გაწვრთნილები. ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოიკიდონ და ამას ვერ ახერხებენ, რადგან პოლიცია დაკომპლექტებულია ერთი მხრივ, გმირებით და მეორე მხრივ, პროფესიონალებით.

როცა გიორგი ბარამიძეს ვუყურებ, როგორ ცდილობს, ზღვარზე გაიაროს და პროვოკაციულად ხელი ისე მიარტყას, რომ თქვას, არ დამირტყამსო და მართლა საკამათო იყოს – შეურაცხყოფა იყო თუ შეურაცხყოფის მცდელობა, ეს ადამიანი რომ ჩვენი ქვეყნის შს მინისტრი იყო, უდიდესი სირცხვილია. ეს ადამიანი 8 აგვისტოს შემდეგ იმაზე საუბრობდა, რომ რუსეთს სახის შენარჩუნების საშუალება მივეცითო. მის სხვა ცოდვებზე არ ვლაპარაკობ. ქვეყნის სირცხვილია, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს, შს მინისტრი იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.