მამუკა მდინარაძე - რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ კონსტრუქციულად ფიქრობს, მოვიდნენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ
მამუკა მდინარაძე - რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ კონსტრუქციულად ფიქრობს, მოვიდნენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ

თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია კონსტრუქციულად ფიქრობს და ასეთი მიდგომა ექნება მოლაპარაკებების პროცესის მიმართ, მოვიდნენ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და განვიხილოთ ყველა ის დეტალი, რასთან დაკავშირებითაც არაერთი განხილვა გვქონდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან სასაუბროდ მზად არის.

„თუ ისინი ულტიმატუმებს მაინც დააყენებენ, რომელთა შესრულება არც მორალურად და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის სწორი, საფუძველიც კი არ აქვს და არგუმენტებისგანაც კი დაცლილია, ასეთზე ვერ წავყვებით. ერთადერთი საკითხი არის ხელახალი არჩევნები და ამასთან დაკავშირებითაც კი შეგვიძლია მსჯელობა, მაგრამ ობიექტური და მართალი დათქმით, რომ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში მოხდეს ეს ყველაფერი. თუ ასეთი ვერ იქნება და საზოგადოებას თავიანთი არგუმენტებით შეურაცხყოფას მიაყენებენ და ეტყვიან, რომ თითქოს, ვიღაცამ ოქმები გადაწერა, მათი დამკვირვებლები დააგიპნოზა და მოატყუა, მათ ასეთ აბსურდზე ვერ წავყვებით, თუ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მართლად მიიღებენ და გადაცდომას დაადგენენ, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებზეც მივყვებით. რაზეც აქამდე თანხმობა განვაცხადეთ, იმაზე სასაუბროდ მზად ვართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. „გირჩის“ პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმების პროექტი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მომზადდა.