მამუკა მდინარაძე - ტატუნაშვილის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია
მამუკა მდინარაძე - ტატუნაშვილის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია

უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, ძალიან ბევრი პრინციპული საკითხია, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა და არ ხაზგასმულა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ პარლამენტი ტატუნაშვილის საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის მიღებას ახერხებს.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ აქცენტი მხოლოდ სიაზე კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სია არ არის ამ რეზოლუციაში. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში, რომელსაც ძალიან კარგია, რომ უმცირესობა დათანხმდა, არის ბევრი ძალიან პრინციპული საკითხი, რომელიც ამ ფორმით არ დაფიქსირებულა. კერძოდ, რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე; ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე; უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი – რეზოლუციის ტექსტიც, პრემიერის განცხადებაც, თითოეული ჩვენგანის მიდგომა, განცხადება თუ ფრაზა გამომდინარეობს მთავარი პრინციპიდან – ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა, პრაგმატული, პრინციპული, სამშვიდობო დამოკიდებულება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა, რომ რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმება კარგია, მაგრამ აქცენტების სწორად დასმაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი, პრინციპული საკითხია ნახსენები, რომელთან დაკავშირებითაც საერთო პოზიცია გაგვაჩნია და გულწრფელად ძალიან მიხარია, რომ საქართველო, ქართული პარლამენტი ახერხებს პრინციპული, სამშვიდობო და იმ პრაგმატული პოზიციის დაფიქსირებას, რაც დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე ქმნის სწორ საფუძველს და სწორ დასაყრდენს“, – დასძინა მდინარაძემ.