მამუკა მდინარაძე - სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად
მამუკა მდინარაძე - სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განმარტებით, ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა.

„გამახსენდა ერთი ე.წ. ნიუსი: „ჯერჯერობით უცნობია და ვარკვევთ, უკავშირდებოდა თუ არა მდინარაძის ჩეხეთში ვიზიტი ბლაჟევიჩს“. ახლა უკვე შემიძლია, გაგცეთ პასუხი: არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი, გეგმური სამუშაო ვიზიტი. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსებთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ გვქონია.

რაც შეეხება ბლაჟევიჩს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს არ მოეწონება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ოპოზიცია თამამად საუბრობს, რომ არ არსებობს არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცებთან, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად.

„მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება, ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ოპოზიცია უკვე ძალიან გაფრთხილდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ.

როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ჩვენ შიდა უწყებრივად, საბედნიეროდ, გავძლიერდით სამართალდამცველები ისე, რომ „ჩავმჯდარიყავით“ იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებისას, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კეთილი ინებონ, ამასაც დაანებონ თავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.