მამუკა მდინარაძე - გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის ბალანსი სწორად არის დასაცავი
მამუკა მდინარაძე - გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის ბალანსი სწორად არის დასაცავი

ყველა ადამიანის მორალური ვალდებულებაა, საზოგადოებას რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა. ​საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ არსებობს სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობა.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის ბალანსი სწორად დასაცავია.

„პირველ რიგში, ყველა ადამიანის მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. მეორე მხრივ, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ამ ორ სიკეთეს შორის ბალანსი სწორად დასაცავია, რომ საზოგადოების არც ერთი წევრის ინტერესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე უნდა დაწესდეს თუ არა რეგულაციები, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მსჯელობს ნებისმიერი მოქალაქისა თუ პრეზიდენტის კანონპროექტზე.

„ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამ ბოლო დროს გავრცელდა ნიუსი, რომ საფრანგეთმა მიიღო შესაბამისი ნორმების ერთობლიობა, სადაც დეზინფორმაციაზეა საუბარი, მაგრამ მეორე მხარეს არის სიტყვის თავისუფლების უდიდესი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ბალანსიდან გამომდინარე. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ უნდა დაზიანდეს არც ერთი პირის ინტერესი დეზინფორმაციის გავრცელებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.