მამუკა მდინარაძე - "სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, მართლმსაჯულება ხელშეუვალი იყოს და მასში ჩარევა ვერც ერთმა თანამდებობის პირმა ვერ შეძლოს 
მამუკა მდინარაძე - "სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, მართლმსაჯულება ხელშეუვალი იყოს და მასში ჩარევა ვერც ერთმა თანამდებობის პირმა ვერ შეძლოს 

ნებისმიერმა იურისტმა ძალიან კარგად იცის, რომ როცა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს და უკუქცევითი ძალა ვერ ექნება, შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომ ცვლილებები ძველ საქმეებს უნდა შეეხოს, მხოლოდ სპეკულაციაა და პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.

დეპუტატის განმარტებით, “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილება 13-მდე მუხლში შედის და კანონს ორი ახალი მუხლიც ემატება.

“ცვლილებების მიზანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ხელშეუვალი იყოს და ვერც ერთმა თანამდებობის პირმა მართლმსაჯულებაში ჩარევა ვერ შეძლოს. მითუმეტეს, ვინმეს შეკვეთა მისცეს ძალმომრეობის და მძიმე დანაშაულის შესახებ. ერთი ადამიანის წინააღმდეგ შეთქმულება არასოდეს უნდა განმეორდეს, რისი მაგალითებიც წარსულ დროში გვქონდა”, – აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შეძლებდა, ხელთ არ აქვს.

მისი თქმით,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა იყოს, მათ შორის “აუცილებელია,  ამ შესწორებებით ის უსამართლობა გასწორდეს, რომელიც თავად სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ამ დევნას ახორციელებდა, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების სია და ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა. შემდეგი კი უნდა იყოს სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა”.