მამუკა მდინარაძე – სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება, პირველ რიგში, ეს მიმართულია საზოგადოების, საჯარო ინტერესის წინააღმდეგ

14:17, 01.07.2026

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტები აღმოიფხვრას.

„სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, შეურაცხყოფილმა პირმა მიიჩნია თუ არა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები, ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს განცდა, რომ შესაძლოა, მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. გარწმუნებთ, ამ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი