მამუკა მდინარაძე - შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტზე გაცილებით მეტია
მამუკა მდინარაძე - შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტზე გაცილებით მეტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვებს.

მდინარაძის თქმით, გამარჯვება მით უფრო დამაჯერებელი იქნება „შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიციის კატასტროფული რეიტინგის ფონზე“.

„ისინი თავისი კვლევის შედეგებსაც კი არ ამხელენ. წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პარტია კვლევებს ინტენსიურად ატარებს. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს და არ ამბობს, მათი შიდა პარტიული კვლევით, რა ხდება, რადგან კატასტროფული შედეგი აქვთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ კვლევებს, მდინარაძე ამბობს, რომ შიდა კვლევით „ქართულ ოცნებას“ უფრო მაღალი შედეგი აქვს, ვიდრე კომპანია Gorb-ის ბოლო კვლევაში იყო.

„საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდა კვლევით უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო Gorb-ის ბოლო კვლევაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი 55 პროცენტი იყო. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შიდა კვლევებით, 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი“, –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი