მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ რეჟიმში, დისტანციური ფორმით ჩავატაროთ
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ რეჟიმში, დისტანციური ფორმით ჩავატაროთ

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებით ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

„არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად. ასეთი რამე ჯერ არც კანონმდებლობით არის. არის მხოლოდ ინიციატივა, რომლითაც დავაზღვიეთ ჩვენ მხოლოდ დრო, რადგან ურთულესი საკითხია, მიდის მუშაობა ინტესიურად სპეციალისტებთან, რამდენად შესაძლებელია რისკების გამორიცხვა. შეიძლება, ეს ყველაფერი შეიცავდეს როგორც პოლიტიკურ, სამართლებრივ, ასევე ტექნიკურ რისკებსაც. სპეციალისტებთან საუბრის დროს ჩვენ შევეცდებით, გავერკვეთ ყველა დეტალში, რისკები გამოვრიცხოთ მაქსიმალურად. ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ეს პროექტი მიიღებს კანონის სახეს, რადგან ის მარტივი რომ ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ბევრს ექნებოდა. ჩვენ უბრალოდ, დავაზღვიეთ დრო, რათა დებულიყო პროექტი, ახლა უკვე სიღრმისეულად მიდის მუშაობა სპეციალისტებთან. თუკი რაიმე რისკი იარსებებს, მაშინ კანონმდებლობა იქნება ისე, როგორც არის და ჩვენ ამ რისკზე არ წავალთ“ ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში, სავარაუდოდ, დისტანციური ფორმით გაიმართება.

მდინარაძის განმარტებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღევანდელი გამოწვევა საკონსტიტუციო განხილვების შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

„რაც კი შესაძლებელია რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში ჩავატარებთ მათ შორის საყოველთაო-სახალხო განხილვებსაც. შევეცდებით, განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხსენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა გაკეთდეს. ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ ტელე ხიდების მეშვეობით ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით დავსხდეთ, მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილებების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში. არანაირი შეფერხება სახალხო განხილვებს არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ამას მოვახერხებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე სანერვიულო არავის აქვს და ამასთან დაკავშირებით არც პოპულაციის საშუალებას არავის მივცემთ“,- აღნიშნა მდინარაძემ.