მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია ოკუპანტის ინტერესებთან იმაზე მეტი თანხვედრა, როცა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას, რათა ამან დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია ოკუპანტის ინტერესებთან იმაზე მეტი თანხვედრა, როცა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას, რათა ამან დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

საქართველო არის ის მყარი დასაყრდენი დასავლეთისთვის, რომელიც თავის გაცხადებულ კურსს არასდროს უღალატებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა ოკუპანტი რუსეთისთვის არის ხელსაყრელი.

ამასთან, მდინარაძის შეფასებით, „შეუძლებელია ოკუპანტის ინტერესებთან იმაზე მეტი თანხვედრა, როცა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლას, რათა ამან ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

„მაშინ, როდესაც ზოგადად რეგიონში არის პრობლემები, ჩვენ ვიცით უკანასკნელ პერიოდში განვითარებული რეგიონული დონის პრობლემები და საქართველო არის ის მყარი დასაყრდენი დასავლეთისთვის, რომელიც თავის გაცხადებულ კურსს არასდროს უღალატებს. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მას ჰქვია ოკუპანტი და პუტინის რუსეთი. შესაბამისად, პანდემიის, ამ მძიმე შედეგების, თუ ამ რეგიონული პრობლემების ფონზე, თუ ვინმე პუტინის რუსეთის და ოკუპანტის ინტერესებს ერთი-ერთში ამთხვევს თავის მოქმედებებს, მან თავისკენ უნდა მოიკითხოს რუსული და ოკუპაციური ინტერესები.

მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან, კონსტიტუციიდან გასვლას ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს შეგრძნება საერთოდ გაქრეს, ოკუპანტის ინტერესებთან ამაზე მეტი თანხვედრა ალბათ შეუძლებელია. მოდით, მეგობრებო, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას აცხადებენ ისინი იმ კომპლექსით, რომ მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების და ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში აკეთებდნენ რუსულ საქმეს, დეტალებს აღარ ჩავყვები. ისინი ცდილობენ, სხვას მიაწებონ რუსული იარლიყი, ეს არ გამოვა, რადგან როდესაც შენ აკეთებ ოკუპანტის საქმეს და შემდეგ ცდილობ, ამ თავდაცვის კომპლექით, სხვას შეუტიო იგივე ნარატივით და მესიჯით, ეს მარტივად იშიფრება.

თუ გადავხედავთ გაკეთებულ საქმეებს და მათ გახმოვანებულ მესიჯებს, მათი საქმეები  მხოლოდ რუსეთის ინტერესებთან არის თანხვედრაში, მათ შორის ახლა, ამ მძიმე ფონზე, დესტაბილიზაციაც მხოლოდ რუსეთსა და ოკუპანტ ქვეყანას აწყობს. ის ადამიანები ამას ცდილობენ მთელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ცნობილი ომის შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.