მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის კონკურენტი იყოს
მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის კონკურენტი იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შავი პიარი არ სჭირდება, რადგან შეუძლებელია, ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის კონკურენტი იყოს.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მის შავ პიარს ეწევა.

„მარგველაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, რეიტინგი რამენაირად თავად აიმაღლოს. ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, რომ არა სახელისუფლო პარტიის მხარდაჭერა, მისი რეიტინგი ძალიან დაბალი იქნებოდა და საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. სამწუხაროდ, მან უღალატა გუნდს, რომელმაც პრეზიდენტი გახადა“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებები პიარკამპანიის საწყის ეტაპზე გაკეთებული პირველი სვლაა, რათა რეიტინგი აიმაღლოს.

„ქართულ ოცნებას“ მარგველაშვილის შავი პიარი ნამდვილად არ სჭირდება, რადგან შეუძლებელია, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატის კონკურენტი იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ, რომელმაც არ დააკონკრეტა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება.