მამუკა მდინარაძე - შემოგვაქვს სანქცია, რომლის თანახმად, არათუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვერც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ ჩაერევა წინასაარჩევნო აგიტაციაში, როგორც პარტიის ლიდერი
მამუკა მდინარაძე - შემოგვაქვს სანქცია, რომლის თანახმად, არათუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვერც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ ჩაერევა წინასაარჩევნო აგიტაციაში, როგორც პარტიის ლიდერი

შემოგვაქვს სანქცია, რომლის თანახმად, არათუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვერც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ ჩაერევა წინასაარჩევნო აგიტაციაში, როგორც პარტიის ლიდერი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა არსებული კანონმდებლობითაც აკრძალულია, თუმცა ამაზე დაწესებული სანქციით სახელმწიფო პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.

„ავტოკრატია 2012 წლამდე იყო და მიხეილ სააკაშვილს დიქტატორობის სურვილიც ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ მოახერხა. ცვლილებები გამომდინარეობს კონკრეტული სამართლებრივი და ლეგიტიმური მიზნებიდან. მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ საქართველოში არსებული რომელიმე პარტიის ლიდერი იყოს და პარტია ამ ყველაფერს არ გაემიჯნება, ეს დღესაც აკრძალულია, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის სანქცია რაც არის, ეს არის ხარვეზი ქართულ კანონმდებლობაში, რადგან ამის გამორიცხვას სახელმწიფო 2 000 ლარით ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ ახალ ნორმას არ ვიგონებთ, საარჩევნო ცენზს მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ სანქციები სხვადასხვაგვარია. ჩვენს შემთხვევაში 2 000 ლარია, რაც საკმარისი არ არის და ახალი ცვლილებებით მკაცრდება. სანქცია იმგვარი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. თუ დუმის რომელიმე დეპუტატი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს და გადაწყვეტს საქართველოში რომელიმე პარტიის ლიდერობას და პარტია ამას არ გაემიჯნება, დღეს ხარვეზია, რომ ამის სანქცია არ არსებობს. ამის გამოსარიცხად ისეთი სანქცია იქნება, რომლითაც პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოიხსნება.

მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ორ ცენზს არღვევდა. შესაბამისად, ცენზის დარღვევას სახელმწიფო რომ აღიარებს, ყველა ქვეყანაში ასეა. აქამდე ხარვეზი იყო, რადგან სანქცია რბილი იყო და ამის გამორიცხვას ვერ უზრუნველყოფდა. დღეს სანქცია შემოგვაქვს, რომლის თანახმად, მომავალში, არათუ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ვერც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვერც ერთი თავისუფლება აღკვეთილი პირი, ვერ ჩაერევა წინასაარჩევნო აგიტაციაში, როგორც პარტიის ლიდერი.

მსივე თქმით, არსებული სანქცია 2 000 ლარის ოდენობით მიხეილ სააკაშვილისთვის შემაკავებელი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ კანონმდებლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.

„მიხეილ სააკაშვილისთვის რომ გეთქვა, 2 000 ლარით დაგაჯარიმებთო, ამას ხომ ვერ უზრუნველყოფდი? მაგრამ თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილს ან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეტყვი, რომ თუ მაინც დაარღვევს კანონს, პარტიას შეუწყდება რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში პარტიაც თავს შეიკავებს მისი ლიდერობის მიღებისგან და ე.წ. ლიდერიც თავს შეიკავებს აგიტაციაში ჩართვისგან.

მათ თქვან, რა სანქცია უნდა იყოს, თუ არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ერევა? ჟირინოვსკიმ რომ თქვას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ვარო და ბოკერიამ რომ დაადასტუროს, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი არისო, 2 000 ლარი შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად. პოლიტიკურ პარტიას გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

დატოვე კომენტარი