მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და პრემიერ-მინისტრი გახდება
მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და პრემიერ-მინისტრი გახდება

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და პრემიერ-მინისტრი გახდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ სხდომაზე ღარიბაშვილისადმი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირეს.

„მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და პრემიერი გახდება. აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის. ეს არის უკვე გადაწყვეტილი, რადგან მას უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით უკვე დაუფიქსირეს მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ღარიბაშვილის კანდიდატურა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეირჩა.

„რაც შეეხება თავად ირაკლი ღარიბაშვილს, რა კრიტერიუმებით შეირჩა. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და თავის დროზე ეს დაამტკიცა. ეს ადამიანი ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან, ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტთან, საქმის და გუნდის ერთგულებასთან. შეგვიძლია ასევე დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით, რამდენად წარმატებულია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა, რამდენად გვაახლოებს ეს საქმეები ნატო-სთან. როდესაც ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, ასევე როდესაც კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, ნატო-სთან ასე წარმატებით მოთანამშრომლე მინისტრი, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ იმსახურებს, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება ბიძინა ივანიშვილის სურვილი ხომ არ ყოფილა, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი სპეკულაციურია, რადგან ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

„არავის არაფერი დაუბარებია. მგონია, რომ ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ კარგად იცით, თქვენც მათ შორის, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან. ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკიდან და იცით ეს თქვენ, იციან ჩვენმა ოპონენტებმაც, თუმცა მათი ამ ბოლოდროინდელი ისტერიის ფონზე, ხშირად გვესმის ხოლმე მისი სახელი და გვარი. ეს გასაგებია, მესიჯბოქსის ნაწილია და დავიწყება უჭირთ, მათ შორის თქვენც, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის იმ სიმართლეს, რომ გუნდმა დღეს ერთხმად გადაწყვიტა, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისთვის დაეჭირათ მხარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.