მამუკა მდინარაძე - შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია
მამუკა მდინარაძე - შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია

შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია ჩვენი პიარკონსულტანტების გაშავებით, ებრაელი პიარკონსულტანტი ყოფილა დამნაშავე და რუსი, კრემლის პიარკონსულტანტები არიან ჭეშმარიტების მღაღადებლები. შავი პიარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირ პიარზე, მათ შორის სეგმენტი არის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პიარი, ეს ბუნებრივი ამბავია. ის ადამიანი, რომლის გაშავებასაც ცდილობენ, არის ძალიან კვალიფიციური, მსოფლიოში ცნობილი და მისი კონსულტაციით ჩვენც ვსარგებლობთ. ჩვენ გვყავს ამერიკის მთავარი პარტნიორი პიარკონსულტანტებიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მეორე ტურისთვის „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ, რათა კომუნიკაცია გააქტიურდეს, მოისმინონ პრობლემები და ადეკვატურად აღიქვან.

„ვფიქრობ, ეს აქამდეც არ გვაკლდა, თუმცა ამ შემთხვევაში დეტალურად მიდის ამ საკითხებზე საუბარი. თემატური ხასიათის შეხვედრებს კანდიდატიც აწარმოებს. სალომე ზურაბიშვილი შტაბის საქმიანობაშიც უფრო აქტიურადაა ჩართული და თუ მედიაში რამდენიმე დღე არ გამოჩნდება, ეს არ უნდა გახდეს ოპონენტებისთვის მთავარი დარტყმის საფუძველი. რაც შეეხება ვიღაცის მიერ გაკეთებულ ნეგატიურ პიარს, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამაკაცები წამოვიდნენ კამპანიაში წინა პლანზე, ესაა თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, რასაც საფუძველი არ გააჩნია. ლიდერებს შორის ჭარბობენ მამაკაცები და მათი ბილბორდებზე გამოჩენა გახდა კრიტიკის საფუძველი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცები არავის ნაცვლად არ გამოჩენილან კამპანიაში. საუბარია იმაზე, რომ პარტიული მხარდაჭერა გამძაფრდა და გამოიკვეთა. ამით მესიჯი კამპანიაში იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. ეს მესიჯი მეორე ტურში კიდევ უფრო გამძაფრდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქალაქში გამოჩენილ ბილბორდებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული, მამუკა მდინარაძის თქმით, მას კონკრეტული ავტორები ჰყავს.

„ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყვნენ დაჩაგრულები და ფიქრობენ, რომ არ უნდა დაუშვან ამ პარტიის ჩართვა ხელისუფლებაში რაიმე ფორმით. დიდი სიამოვნებით გააკეთებდა იგივეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, აქაც არაა პრობლემა, არ გეგონოთ, რომ ვინმე თავს არიდებს მსგავსი ანტირეკლამის გაკეთებას. ამ შემთვევაში დაგვასწრეს და მსგავსი ბილბორდები გამოაკრეს კონკრეტულმა პირებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.