მამუკა მდინარაძე - შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს
მამუკა მდინარაძე - შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს

შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. რაიმე აქტივებს თუ მიპოვის, დააყადაღოს თვითონ. ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს მის მიერ ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი.

მისივე თქმით, სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება შეუძლებელია.

„გიგი უგულავა რომ გამოდის, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე და საუბრობს სანქციებზე, მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა. ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ. უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასე მოხდა. 48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას. შემდეგ წარმოიდგინეთ, სხვაზე ლაპარაკობს.

უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც ელემენტარულად გასაკრიტიკებელი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ. მთავარი პრობლემა ესაა. სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინ რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით ყველას სასწრაფოდ სანქციები დაუწესონ.