მამუკა მდინარაძე - საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან, იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს ტესტავენ, ეს პირველმა იკადრა გიორგი ვაშაძემ, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობასა და აგენტობაში
მამუკა მდინარაძე - საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან, იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს ტესტავენ, ეს პირველმა იკადრა გიორგი ვაშაძემ, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობასა და აგენტობაში

საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან, იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს ტესტავენ. პირველმა ეს იკადრა გიორგი ვაშაძემ, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობასა და აგენტობაში, ალბათ სხვებიც იკადრებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალება აქვთ.

„გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ. რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? არაფერი არ უნდათ, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ მეორე ფრონტად, „თავით დავერჭოთ“ ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“.