მამუკა მდინარაძე - საყვედურებს არ ვაპირებთ არათუ იმ დროს, როცა უკრაინა ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმის ობიექტია, არამედ იმ დროსაც კი არ წამოგვცდენია, როცა „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე პოლიტიკური ელიტა შეიფარეს
საყვედურებს არ ვაპირებთ არათუ იმ დროს, როცა უკრაინა ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმის ობიექტია, არამედ იმ დროსაც კი არ წამოგვცდენია, როცა „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე პოლიტიკური ელიტა შეიფარეს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტებმა მდინარაძეს შეკითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე. მდინარაძის თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევა რომ მოხდა საქართველოსთან მიმართებაში და არა მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა, საქართველო ჩაებას ომში.
„არათუ იმ დროს, როცა უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია და ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმის ობიექტი, არამედ იმ დროსაც კი, როცა უკრაინამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პოლიტიკური ელიტა შეიფარა, მაშინაც კი, არ წამოგვცდენია საყვედურები და ამას ახლაც არ ვაპირებთ. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს აქვს. ამას ვაკეთებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ამას გავაგრძელებთ, რაც არ უნდა რეაქციები იყოს მეორე მხრიდან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც წესი, ოკუპირებულ ქვეყანას არ სთხოვენ, მაგრამ ამის მიუხედავად რაღაცები ხდება, ეს უკვე ითქვა, სამწუხაროდ გარკვეული კოორდინაციაც შეინიშნება, თუმცა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. უკრაინის ელჩის გაწვევა რომ მოხდა საქართველოსთან მიმართებაში და არა მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის შემთხვევაში, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს მცდელობა, რომ საქართველო ჩაებას ომში. თუ ქართველები იმაზე ვთანხმდებით, რომ ომში საქართველო უნდა ჩაერთოს, ეს სხვა საკითხია. თუ ჩვენი პოლიტიკა სწორია, რომ ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს, მაშინ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და არავის დაავიწყდეს, რომ თუ საბრძოლველი იქნება, ყველგან ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუა გულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. მაშინ, ერმა იმდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან ასე, ან ისე. თუ ხალხის აზრია, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები. ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილების ნაწილი, რაც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში, არ ფიქრობ იმ მარაზმატიკულ პიარზე, რომელსაც ის ხალხი აწარმოებს, ვინც ომიდან გარბოდა. ასევე, იმაზე, როგორ უღალატეს ქვეყანას და რა ჩაწერეს რეზოლუციაში. მთავარია, ისტორიულად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, როცა დადიხარ დანის პირზე და ბეწვის ხიდზე. ეს ადამიანები არიან სიტუაციური თანამოკავშირეები თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.