მამუკა მდინარაძე - სასაცილოა უკვე ოპოზიციის განცხადებები, თან ლაპარაკობენ, უნდა შევცვალოთ ხელისუფლებაო, თან 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას იხვეწებიან
მამუკა მდინარაძე - სასაცილოა უკვე ოპოზიციის განცხადებები, თან ლაპარაკობენ, უნდა შევცვალოთ ხელისუფლებაო, თან 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას იხვეწებიან

ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, დემოკრატიაში ხალხის მაქსიმალურად ჩართულობის ბალანსის მთავარ გარანტს. ამიტომ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რეკომენდაცია, მოწოდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებშიც ბარიერი სწორედ 5 პროცენტია.

„„გახარიებმა“ დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, რადგან მათთვის სულ ერთია, გინდა 5%-იანი ყოფილა, გინდა 15%-იანი, ვერცერთს ვერ ლახავენ. ამიტომ სწორია მათი განცხადება, მათთვის სულერთია. ბარიერის დაწევა არ განიხილება, რადგან საითკენაც ჩვენ ვიღწვით, სადაც ჩვენ შევდივართ, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი სწორედ 5 პროცენტია, მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ვერცერთი გაერთიანება ვერ მოუწოდებს და ვერ დააძალებს სხვა ქვეყანას, რაც მასთან არის, იმის საპირისპირო გაკეთდეს რომელიმე ქვეყანაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილო ხდება, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მეორე მხრივ კი, არ აქვთ იმედი, რომ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

„უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ. აქ ბალანსი უნდა მოძებნონ რაღაცნაირად, თორემ დემოკრატიულმა სამყარომ პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი მოძებნა. ამისთვის ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.